1750410147 • პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ივანიშვილს 2024 წლის ბოლოს, ქონებრივი დეკლარაციის შევსება უწევდა, თუმცა დოკუმენტი არ იძებნება - რაჟდენ კუპრაშვილი, რომელმაც რეპრესიების შემსრულებლის როლი შეითავსა, ივანიშვილს ამ ვალდებულებას უხსნის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილს ეს ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა.
ორგანიზაციის ცნობითვე, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, დეკლარაციების საიტზე იძებნება ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია, რომელსაც ივანიშვილის მსგავსად, ქონების აღრიცხვის ვალდებულება დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო ჰქონდა.
„ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 2024 წლის ბოლოს ქონებრივი დეკლარაციის შევსება უწევდა. ეს ვალდებულება მას არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ფორმალურად ყოფნის გამო წარმოეშვა. დოკუმენტი არ იძებნება დეკლარაციების ვებგვერდზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოგვაწოდა ის.
შედარებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია, რომელიც ასევე მცირე ხნით ფორმალურად იყო პარლამენტის წევრი, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა საერთოდ არ შეავსო დეკლარაცია.
რაჟდენ კუპრაშვილი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შემსრულებლის როლი შეითავსა, უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან უკანონოდ ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას მაშინ, როცა ქონებისა და კავშირების დეკლარირებისა და ამ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით მკაფიოდ გაწერილ ვალდებულებას უხსნის ამ რეპრესიების დამკვეთ ივანიშვილს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე 5 წელია მიმდინარეობს ჩვენი დევნა - ბიძინას ერთი სული აქვს როდის დაგვიჭერს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინოს „მონა-მორჩილ მოსამართლეებს, ბრძოლა მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება“.„დღეს 20 ივნისია, 6 წელი გავიდა მას მერე, რაც რუს დეპუტატ გავრილოვს „ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამი დაუთმო. ამ თარიღიდან რამდენიმე დღეში დავაანონსე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, რომელიც იბრძოლებდა ქვეყნის ნამდვილი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. მას მერე, ბევრი რამ მოხდა - „ოცნებამ“ 2020, 2021, 2024 წლის არჩევნებში მიიტაცა ხელისუფლება, ჩაშალა ანაკლიის პორტის საუკუნის პროექტი, რომელსაც 2020-ში პირველი გემი უნდა მიეღო, გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, უარი თქვა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე და ევროინტეგრაციაზე. ქვეყანა გააღარიბა, უცხოური ინვესტიციები ლამის გაანულა, გაიზარდა ემიგრაცია, სამაგიეროდ უვიზოდ, ღიად გაუღო კარი უცხოტომელებს, შემდგომი ბინადრობის უფლების მინიჭებით. შობადობის და ერის გამრავლების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა! თითქმის მთელი ეკონომიკა რუსეთს მიუერთა, ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის და მუშაობის პერსპექტივა მოუკლა! დაატუსაღა უამრავი პოლიტპატიმარი, დაარბია და დაასახიჩრა ასობით გულანთებული ახალგაზრდა! დააწესა ცენზურა სიტყვის თავისუფლებაზე და დააპატიმრა პოლიტიკური ლიდერები! დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე 5 წელია მიმდინარეობს ჩვენი დევნა - ბიძინას ერთი სული აქვს როდის დაგვიჭერს. გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით. ამას ბედავს და მე მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსებს, 20% კი ფიზიკურად, დიდი ხანია ოკუპირებულია! ჰოდა, ერთ რამეს ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს! - რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინო შენ მონა-მორჩილ მოსამართლეებს, ეს ბრძოლა შენი მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება ისევე, როგორც ქვეყნის დეოკუპაციამდე ბრძოლა ნაღდ და თავისუფალ ხალხთან ერთად! ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა, ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაა, მაშინ სწორ ადგილას ხარ და ბედნიერიც! დიახ, მე ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ! - აი, ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები! არცერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა შენი კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ქვეყანას სხვა პერსპექტივა, სხვა მომავალი აქვს! ბრძოლა იქნება ბოლომდე, დაიმახსოვრეთ!“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
პოლიტიკა • 1750410183

ჩემი პროგნოზია, რომ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც, სავარაუდოდ, იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც ზურა გირჩი-ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გაიზიარეს - უმადური საქმეა იმის გამოცნობა, გუშინ საღამოს ბიძინა ივანიშვილმა რა გადაწყვიტა მიიღო, ამიტომ მეც ველოდები, როგორი იქნება, არა მოსამართლის, არამედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერი ლიდერების არ მისვლის გამო მიმდინარე სასამართლო პროცესებს გამოეხმაურა.სანიკიძის შეფასებით, საქართველოში გარკვეული მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებენ.„მთლიანად ეს პროცესი [პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია] არის ფარსი. გასულია, როგორც კანონმდებლობით, ისე მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით. ამიტომ ამ ხარკის გადახდა - გირაოს სახით, თუ შემდეგ სხვადასხვა სასჯელის დაკისრებასთან დაკავშირებით, სამართლებრივ ნონსენსზე დგას.სასამართლო სისტემაში არიან ე.წ. ჯალათი მოსამართლეები, რომლებსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ. თვითონ ამ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. ის მოსამართლე [ირაკლი შვანგირაძე], რომელსაც ნიკა მელიამ წყალი შეასხა, არ არის მოსამართლე, არ არის სასამართლო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ეგზეკუცია…როდესაც მოსამართლე ჰქვია, მანტია გასხია და შენს სინდისს, შინაგან განწყობას, მტკიცებულებებს არ ემორჩილები, არამედ მთლიანად დამოკიდებული ხარ, რა „მესიჯი” მოგივა ან პროკურატურიდან, ან ლევან მურუსიძის „კლანიდან”, ასეთი მოსამართლე მინიმუმ წყლის შესხმას ნამდვილად იმსახურებს”, - განაცხადა სანიკიძემ.გარდა ამისა, სანიკიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარია ხელმეორედ არ უნდა მივიდეს.„ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად აღიარა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს კონკრეტული ტერიტორიის ოკუპაცია მოხდა, რასაც ისინი აქამდე უარყოფდნენ. ახლა თავად საუბრობენ, რომლის გამოისობით მოხდა ეს ოკუპაცია, ერთმანეთს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები ეჯიბრებიან. ჩემი აზრით, ესეც სამარცხვინოა. ჩვენებების მიცემა და პროკურატურაში მოქმედი/ყოფილი გენერლების სირბილი, რომლებიც ამ პროცესში (დროებით საგამოძიებო კომისიაზე) ჩართული იყვნენ. ჩემთვის, ესეც გულის ამრევია.რაც შეეხება ჩორჩანის ეპიზოდს, 2012 წლამდე ე.წ. საოკუპაციო ხაზთან „ნაციონალური მოძრაობის” დროს ბევრად უფრო მეტი სამართალდამცველი იყო და ბევრად უფრო ნაკლები შემთხვევა იყო საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცების. ამის უფრო ეფექტურად დაცვა შესაძლებელი იყო.მე მგონია, რომ „ქართულ ოცნებას” მორალური უფლება არ აქვს ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბროს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიასგანაც ბევრად უფრო მკაფიო პასუხებს მოვისმენდი. ვფიქრობ, რომ ეს არ არის მიზეზი მისი პოლიტიკური დევნის, ეს არის საბაბი. ამ საბაბის გამოყენება ამორალურია. დღეს 20 ივნისია და შეუძლებელია გიორგი გახარიაზე არ ვისაუბრო და ეს თარიღი არ ვახსენო. მე მიმაჩნია, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში 20 ივნისი ხელახლა გამოძიებული უნდა იყოს. ამიტომ ამ თემით მანიპულაცია „ქართული ოცნების” და გიორგი გახარიას მხრიდან სახელმწიფო ინტერესისთვის დამაზიანებელია.მე მაინტერესებს გიორგი გახარია იგივე შეცდომას დაუშვებს თუ არა, რაც პირველ ჯერზე დაუშვა. მე გიორგი გახარიას ადგილას [პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე] არც პირველ ჯერზე მივიდოდი და ამ კომპრომისზე არ წავიდოდი, მაგრამ საინტერესოა გიორგი გახარია რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაციონალური აზროვნება მოითხოვს, რომ გიორგი გახარია არ მივიდეს და თეა წულუკიანს კიდევ თავიდან არ ემართლოს, მაგრამ ამ თვალსაზრისით გიორგი გახარიას დღის წესრიგის გამოცნობა უმადური საქმეა, იმიტომ, რომ როგორც წესი, საპირისპირო გადაწყვეტილებას იღებს”, - აღნიშნა სანიკიძემ.
პოლიტიკა • 1750410106

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი არცერთ მხარესთან არ გამართავს მოლაპარაკებებს მანამ, სანამ ისრაელი ირანზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან განაცხადა.მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის განსახილველად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება სურს, თუმცა თეირანმა ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.„აშშ-სთან მოლაპარაკებების ადგილი არ იქნება მანამ, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ და შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ისრაელის დანაშაულის პარტნიორობაში დაადანაშაულა.ცნობისთვის, დღეს ჟენევაში ირანის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, აბას არაღჩის, დევიდ ლემის, იოჰან ვადეფულსა და ჟან-ნოელ ბაროს შეხვედრაა დაგეგმილი.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ გუშინ განაცხადა, რომ მხარეები შეხვედრაზე „ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებსა და ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავენ.
კონფლიქტები • 1750410051

თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერ-შევაში სოროკას საავადმყოფოსა და ცენტრალურ ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ“, - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი X-ზე.ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა გაუშვა.ირანული რაკეტები თელ-ავივში, რამათ-განსა და ხოლონში ჩამოვარდა. ასევე, ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში მდებარე სოროკას საავადმყოფოს მოხვდა.გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ბოლო სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 47 ადამიანი დაშავდა.
მსოფლიო • 1750319137

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სამუშაო ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს.როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კომისია 20 ან მაქსიმუმ 23 ივნისს მიმართავს ბიუროს იმისთვის, რომ პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი კომისიის უფლებამოსილების ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.სხდომაზე ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის თავმჯდომარის წინადადებას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.რაც შეეხება დასკვნას, როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, ის 4 აგვისტომდე დამტკიცდება.„კანონმდებლობით გვაქვს უფლება, რომ ვიმუშაოთ 6 თვე, მეტი არა, შეგვიძლია ვიმუშაოთ ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ჩვენ უკვე მე-5 თვეა ვმუშაობთ ამ რეჟიმში და ჩვენი საქმიანობის ეს არის მხოლოდ ხილული ნაწილი. ის, რასაც საზოგადოება ვერ ხედავს, სამუშაო პროცესია და ამიტომ არ არის საჯარო, არის ადმინისტრაციულ პერსონალთან ყოველდღიური მუშაობა წერილების განხილვა და დასკვნის პროექტის წერა. ამიტომ, ჩვენ ვიფიქრეთ და დღეს კენჭისყრისთვის გთავაზობთ ასეთ საკითხს - ვითხოვოთ ბოლო, მე-6 თვით ჩვენი უფლებამოსილების გაგრძელება, მაგრამ ისიც ვილაპარაკეთ და საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ, რომ ივლისის თვეში ამ ტიპის საჯარო სხდომები ვეღარ იქნება ხშირი იმიტომ, რომ ჩვენი მთელი რესურსი დასკვნის პროექტს უნდა დავუთმოთ. გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა, ჩვენ ასეთი სხდომა აღარ გვექნება, თუმცა ის სხდომები, რომელიც გულისხმობს სამი წევრის მიერ - კომისიის სამი წევრი ვიკრიბებით და ვატარებთ გამოკითხვებს, ასეთი ფორმატები ივლისში შესაძლოა გაგრძელდეს. გთავაზობთ იმასაც, რომ აგვისტოს პირველ დღეებში, სავარაუდოდ, 4 აგვისტოს, მაგრამ შეიძლება მანამდეც, არაუგვიანეს 4 აგვისტოსი, ჩვენ შევიკრიბოთ ამ დარბაზში და დავამტკიცოთ კომისიის დასკვნა, რომელიც შემდეგ სექტემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას.აი, ეს არის, რაც ვისაუბრეთ, რაც საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი და თუ არის კვლავ თქვენი თანხმობა, რომ ჩვენ უკვე ხვალ და მაქსიმუმ ორშაბათს მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩვენი უფლებამოსილების ერთი თვის ვადით გაგრძელების თაობაზე საკითხის შეტანაზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პოლიტიკა • 1750319091

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლოს მიერ დაკისრებული 4000 - ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, მას აზრის გამოხატვას ვერ შეუზღუდავენ.„უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო, წერეთ და იკითხეთ. რამდენჯერაც საჭიროა, იმდენჯერ გაილანძღებით და ვერც აზრის გამოხატვას შეზღუდავთ, ვერც მონობას დაარქმევთ „მოსამართლეობას“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დღეს 4000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაული მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, ელენე ხოშტარიას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა. პროცესს არ დასწრებია არც ელენე ხოშტარია და არც მისი უფლებადამცველი.პოლიტიკოსის მიმართ საჩივარი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შეიტანა.ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
პოლიტიკა • 1750319027