1745494732 • პოლიტიკა

მსოფლიო სუპერვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბექს სი არენა“ ავრცელებს.ორგანიზატორების ცნობით, სუპერვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაზე 23 ივლისს, „დინამო არენას“ სტადიონზე წარდგება.ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს, 12:00 საათიდან დაიწყება ვებ-გვერდზე TKT.ge/JustinTimberlake, ხოლო მხოლოდ Starring Card-ის მფლობელებისთვის 7 აპრილს, 12:00 საათიდან.„Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელი უკვე განებივრებულია მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, მაგრამ ჯასტინ ტიმბერლეიკი პოპ მუსიკის ისტორიის კიდევ სხვა ფურცელია, რომელიც აუცილებლად უნდა გამხდარიყო ჩვენი პროექტის ნაწილიც“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია. ის პოპულარული გახდა როგორც პოპულარული "ბოიბენდის" - 'N Sync-ის სოლისტი. 2002 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Justified, რომლის მსოფლიო მასშტაბით შვიდ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ჯასტინ ტიმბერლეიკი 10 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია.
1743756288

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ „ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით კულტურაში არაერთი დადებითი სიახლე გვექნება“.„მივიღეთ გადაწყვეტილება, განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარას ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი კულტურის სფეროში. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად მომხდარიყო ამ სფეროს გაძლიერება. ბოლო წლებში არაერთი მიღწევა გვაქვს კულტურის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა რიჟვაძემ.ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ბათუმი უნდა იყოს კულტურის მსოფლიო რუკაზე.„ძალიან კარგად ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს კულტურას ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი გუნდისთვის. გუნდი მობილიზებულია, რათა კულტურა იყოს უწყვეტი განვითარება, ჩვენი ქვეყნის გუშინდელი დღე, დღევანდელი და ხვალინდელი დღეც. ეს იყოს გამჭოლი ხაზი, რათა ჩვენს ახალგაზრდებსაც მიეცეთ საშუალება, მუდმივად იყვნენ შემოქმედებითი ზრდის პროცესში.რა თქმა უნდა, ბათუმი უნდა იყოს კულტურის მსოფლიო რუკაზე, ეს ჩვენ უკვე მივაღწიეთ, ბათუმს მიენიჭა იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების სტატუსი, ასევე ბათუმის ფესტივალი არის, იუნესკო-ს უწყვეტი ქუდის ქვეშ მოქცეული. გავაგრძელებთ იუნესკოსთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან მუშაობას. მთავარი ჩვენთვის რჩება ის, რომ კულტურა მივიდეს ყველგან, ყველა სოფელსა და ქალაქში, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დიდი ნიჭის გამოვლენის. რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა ტალანტი და სახელოვანი ადამიანი გავზარდოთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბათუმს ისევ დავუბრუნდი“, - აღნიშნა ბოლქვაძემ.
1741077528

„ოსკარის” 97-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმად „ანორა“ დასახელდა.ფილმმა ხუთი „ოსკარი“ მოიპოვა : საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, სცენარის, მონტაჟის, ასევე ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის „ოსკარი“ მაიკი მედისონისთვის.ამასთან, სამი „ოსკარი“ მიიღო ფილმმა „ბრუტალისტი“ : მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელ ედრიენ ბროუდისთვის, საუკეთესო ოპერატურისთვის და საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.ამერიკული კინოაკადემიის 97-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდის Dolby Theatre-ში გაიმართა. მას ცნობილი ამერიკელი თოქ-შოუს წამყვანი კონან ო’ბრაიენი უძღვებოდა.
1740988191

თეატრის გაფიცულმა ხელოვანებმა „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელსა და პრემია „დურუჯის“ დამაარსებელ ლაშა პაპაშვილს წერილით მიმართეს და სხვადასხვა დროს მიღებული პრემიები დააბრუნეს.მათ საკუთარი ჯილდოები „რედიქსის“ ოფისში მიიტანეს.„დურუჯის“ ქანდაკებები დააბრუნეს შემდეგმა ხელოვანებმა: დავით გაბუნია; მიხეილ ჩარკვიანი; სანდრო ნიკოლაძე; გია სურმავა; თორნიკე გოგრიჭიანი; დათა თავაძე; ნატუკა კახიძე; ალექს ჩიღვინაძე; თამთა ელაშვილი; ქეთა შათირიშვილი; დათო საყვარელიძე; ლაშა ბუღაძე; კახა კინწურაშვილი; თამრი ოხიკიანი; გეგა გაგნიძე; პაატა ციკოლია; ოთარ ქათამაძე; ნინო კასრაძე; ნანკა კალატოზიშვილი.„ჩვენ მოვისმინეთ 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასული თქვენი ინტერვიუ, რომელიც სავსეა აზრსა და სიმართლეს მოკლებული განცხადებებით. თქვენ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებთ, ხოლო ოლიგარქ ივანიშვილს აცხადებთ ისტორიულ ფიგურად და ამბობთ, რომ მან ქვეყანას ომი აარიდა. სინამდვილეში, ოლიგარქმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ქართული თეატრს და იმ ხელოვანებს, რომელთა უმრავლესობაც თქვენ მიერ დაარსებული პრემია „დურუჯის“ ლაურეატია.დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ თქვენი ინიციატივით იმართებოდა წლების განმავლობაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება იყო და აღნიშნავდა სეზონის საუკეთესო თეატრალურ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მწვავე სოციალური თემატიკით, ფორმისეული სიახლითა და პოლიტიკური გამბედაობით. ამ პრესტიჟული პრემიის მიღება საპატიო და სასიხარულო იყო ჩვენთვის, თქვენ კი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელოვნებო პროცესის მხარდამჭერად წარმოგაჩენდათ, სწორედ იმ ხელოვნების, რომლის ავტორებსაც სასტიკად გაუსწორდნენ, უკანონოდ დააკავეს, დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით და შეულახეს ღირსება. ჩვენი ორი კოლეგა ახლაც პატიმრობაშია და განაჩენს ელოდება.მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა თქვენმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება. ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია რაიმე კავშირის ქონა ყველა იმ პირთან, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას და არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით, უკან დაგიბრუნოთ ის ჯილდოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ნამუშევრებს მიანიჭეთ.პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია.ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილდოს, რომლის ეკვივალენტსაც ახლა ვაგროვებთ, რათა გადავრიცხოთ გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში.საქართველოს მომავალი ევროპაშია! არა მოძალადე რეჟიმს! მოვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს! თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს! პრემია „დურუჯის“ ლაურეატები“, - ნათქვამია განცხადებაში.
1736432795

ზურა მანჯავიძემ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ambebi.ge-თან ისაუბრა.მომღერალმა პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა, რის მიხედვითაც ქვეყანა 2028 წლის ბოლომდე ევროინტეგრაციის საკითხს არ განიხილავს.„ეს არასწორი ინტერპრეტაციაა… მე, როგორც თქვეს, ისე გავიგე, – რადგან 2028 წლამდე თვითონ არ გვიხსნიან დიალოგს, ჩვენ არ შეგეხვეწებით, არ გთხოვთ დიალოგის გახსნას. მანამდე მეტად მოვემზადებით, რომ 2030 წლისთვის მაინც, კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა. ადამიანი რომ გეუბნება, 2030 წლამდე კარზე ნუ დამიკაკუნებ, თან აქეთ შარს გდებს, შენ რატომ არ მეხვეწებიო, ამ ამბავმა ცოტა თავმოყვარეობაზე უნდა იმოქმედოს,“ – თქვა მანჯავიძემ.ამასთან, როგორც მომღერალმა აღნიშნა, ვითარების განსამუხტად გამოსავალი მხოლოდ დიალოგშია.„დიალოგი. აუცილებლად დიალოგი იმ მართლა გულანთებულ ახალგაზრდებთან, ვინც თავისი შეგნებით აპროტესტებს. შეგვიძლია ამ საკითხზე დავსხდეთ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და არა ისე, საწინააღმდეგო აზრის მიუღებლად, პირდაპირ მონა, მოღალატე, რუსი ეძახო ადამიანს. ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, მოუსმინოს საპირისპირო არგუმენტს, საწინააღმდეგო ქმედება შეაფასოს. თითოეულმა ადამიანმა ინიციატივა უნდა გამოიჩინოს, რომ მივიდნენ ერთმანეთთან, დასხდნენ, დაილაპარაკონ. ამაში რაც ნაკლები პოლიტიკოსი ჩაერევა, უკეთესია. ისინი, ვინც ძალადობაზე არიან აწყობილი და ძალადობრივი გზებს ეძებენ, მხოლოდ რევოლუცია და ომი უნდათ, იმ პოლიტიკოსებზე ლაპარაკი არ შეიძლება. ვსაუბრობ, ნამდვილ, გულანთებულ ადამიანებზე, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვისაც თავისი აზრები აქვთ ჩამოყალიბებული…“ – ამბობს ზურა მანჯავიძე.„
1734760906

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „გრემის“ ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს, დღეს აღნიშნული მიწვევის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ისაუბრა.გადაცემაში დისტანციურად ჩართვის დროს, ნუცა ბუზალაძე ასევე გამოეხმაურა „ფეისბუკის“ ჯგუფში, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მან „გრემის“ ოფიციალურ გვერდს მისწერა, რომ ნუცა ბუზალაძე აღნიშნულ ღონისძიებაზე არ დაუშვან.„გრემის“ მოსაწვევი ერთი კვირის წინ მივიღე, სხვათა შორის, ვფიქრობდი, გამეზიარებინა თუ არა მაყურებლისთვის, რადგან წინასწარ არ მიყვარს არაფრის დადება. იმდენად აჟიტირებული და გახარებული ვიყავი, მინდოდა, ჩემი გულშემატკივრებისთვისაც გამეზიარებინა. არც ნომინირებული ვარ და არც ვმღერი, სტუმრის სტატუსით ვიქნები…ბულინგი და შემოტევები ჩემთვის სიახლე არ არის, უკვე ორი წელია, ამ ყველაფერს მყარად ვუძლებ. მართლა არ ვიფიქრებდი, რომ ქართველი ქართველს ოდესმე ასე გაიმეტებდა, შენი თანამემამულე ამხელა წარმატებას რომ აღწევს, როცა უცხოეთში, ქართველი, ასეთი პატარა ერის წარმომადგენელი წარმატებას აღწევს, ჩემი აზრით, როგორი პოლიტიკური შეხედულება და განსხვავებული აზრიც უნდა ჰქონდეს, თუ მართლა გიყვარს შენი ქვეყანა, ასე მოქცევა არ შეიძლება.იცით, რატომ მიყვარს ამერიკა? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ამის გამო არავინ არავის არ ბლოკავს.ამხელა სიბოროტით ვერავინ ვერაფერს დამაკლებს და ჩემს საქმეს არაფერი გააფუჭებს“, – თქვა ნუცა ბუზალაძემ გადაცემაში „იმედის დღე“.
1734760628

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა.გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა.შეგახსენებთ, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
1732050408

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა.საქართველომ 12 ქულა 12 ქვეყნისგან მიიღო, მათ შორის: იტალიისგან, სომხეთისგან, ალბანეთისგან, უკრაინისგან, კვიპროსისგან, ესტონეთისგან, ესპანეთისგან, სან მარინოსგან, ნიდერლანდებისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან და მალტასგან.საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.
1731818992

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ანდრია ფუტკარაძეს საბავშვო ევროვიზიაში გამარჯვებას ულოცავს.„ამასობაში ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია!გილოცავთ ყველას! გილოცავ საქართველო! ვულოცავ ანდრიას!“ - წერს მამუკა მდინარაძე.საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე გამარჯვება ანდრია ფუტკარაძემ სიმღერით - To My Mom მოუტანა.საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.
1731818932

„ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება! საქართველოს პრემიერ მინისტრის და „ქართული ოცნების” გუნდის შეთავაზება მიღებულია! პირადად ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნული მინისტრი, თინათინ რუხაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც რუხაძე აღნიშნავს, შეეცდება განვითარებაზე, მომავალზე და შედეგზე ორიენტირებული იყოს.„ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება! საქართველოს პრემიერ მინისტრის და “ქართული ოცნების” გუნდის შეთავაზება მიღებულია! თითქოს ყურში მესმის რას მეტყოდა დედა, რომელიც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ღვაწლმოსილი ადამიანი იყო; რას მეტყოდა ვიტალი ნოდია, ვისაც ძალიან ვენდობოდი, რას მეტყოდა ყველა ის დიდი ადამიანი, ვინც სიყვარულის გარდა ჩემს პროფესიაში ცოდნა, გამოცდილება და გამბედაობა მომცა, მომცა რწმენა იმისა, რომ ვინც არაფერს აკეთებს, ის შედეგსაც ვერ იღებს! რომ შეფასებას, კრიტიკას, საქმის კეთებას, სხვისი ნაღვაწის დაფასებას ან უკეთესის გაკეთებას ნიჭი და უნარი უნდა!35 წელია ვმუშაობ… ბევრი მაქვს გამოვლილი… ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა, თუმცა ცუდი მაგალითებიც მქონდა. ვისგან უფრო მეტი ვისწავლე? არ ვიცი! უნარები კი ნამდვილად განმივითარეს… ამის გამო ვარ ალბათ, ასეთი… ვფიქრობ, ვარ შრომისუნარიანი, მიზანმიმართული, სტრესგამძლე და ჯიუტიც კი! ნამდვილად ვარ ღია და ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირი, სიტუაციის მიხედვით - ზოგჯერ სწრაფი და ზოგჯერ ნელი, საქმე მიყვარს და ამიტომ ვარ ემოციური! სიყვარულით გაკეთებული საქმის მჯერა! სასახლე ამის ნათელი მაგალითია…მადლობა ამ დიდი და საინტერესო გამოცდილებისთვის! მიხარია, რომ ამ საქმეს ჩემზე უკეთესი და გამოცდილი ადამიანი გააგრძელებს - ნინა ყიფიანი… მე ვუგულშემატკივრებ (სასახლეზე სხვა დროს ვრცლად დავწერ)ბევრი ადამიანი მილოცავს, ბევრი იმედს გამოთქვამს, უხარიათ და ზოგიერთებს არა! ბევრს სათქმელი აქვს, ბევრს მოსაყოლი, ზოგიერთს საკუთარი მოტივი ამოძრავებს, ზოგს უბრალოდ არ აღელვებს ან მოვლენების განვითარებას ელოდება… მოკლედ სხვადასხვაგვარი - კეთილგანწყობილი ან ჩასაფრებული მოლოდინები გაჩნდა! და ეს პირველად არ ხდება! რაც უფრო მეტს ელოდებით, მეც უფრო მეტად მამოტივირებთ! მადლობა! და ასეთ დროს, უნდა იცოდეთ, რომ ბევრს ვფიქრობ…აქვე გეტყვით, რომ მიყვარს ჩემზე ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები… გუნდური მოთამაშე ვარ… მიყვარს სხვისი წარმატება და არასოდეს ვარ ჩასაფრებული, რადგან უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვინც თავად ვერაფერს აკეთებს!ვეცდები ვიყო განვითარებაზე, მომავალზე და შედეგზე ორიენტირებული, ვიყო ზომიერი, სამართლიანი და მაქსიმალურად ობიექტური… ძალიან ვეცდები ბევრი ვიშრომო, რომ დიდ გუნდთან ერთად, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა, ბევრი ადამიანისთვის შევქმნათ კონკურენტუნარიანი, სამართლიანი და ჩვენი ქვეყნისთვის ამ დროისთვის საჭირო გარემო!პირადად ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი… ამ ასაკში და ამ გამოცდილებით, საკუთარ თავს მე უფრო მეტს ვთხოვ, ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი მომთხოვს!მინდა იცოდეთ, რომ სულ ვფიქრობ, ღირსეულად ვატარო ჩემი ოჯახის, მეგობრების, ადამიანების ნდობა, ვინც ზურგს კლდესავით მიმაგრებს!“, - წერს რუხაძე სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, თინათინ რუხაძე გუშინ დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს შეცვლის, რომელიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია. წულუკიანმა, თანამდებობა, რომელსაც 2021 წლის მარტიდან იკავებდა, 26 სექტემბერს დატოვა.
1729344412

კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს წულუკიანს შეცვლის.თინათინ რუხაძე 1989 წლიდან არის საქართველოს ახალგარდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის "თბილისის კონცერტინოს" დირექტორი.შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, რის გამოც მან 26 სექტემბეტს კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. წულუკიანი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.
1729248188

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება.განცხადებაში მერია სამწუხაროს უწოდებს, რომ „მგზავრებმა ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს".ამასთან, მერია განმარტავს, რომ პარკის გახსნასთან დაკავშირებული კონცერტი მაინც შედგება და ღონისძიებაზე მოქალაქეებს იწვევს."20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ.მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა.როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება.სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ, - ნათქვამია განცხადებაში.
1729231141