ოცნება
ნინო წილოსანი: ქალები ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ, ისინი მსხვერპლი კი არა, მოძალადეები იყვნენ - ფაშისტები არიან ქალებიც და კაცებიც

მოძალადე ჯგუფებში გამოჰყოფთ ქალებს, რომლებიც ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ. ამით გინდათ, რომ ეს ყველაფერი როგორც ქალთა ძალადობა ისე გაიტანოთ - რეალურად, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ იმ ქალებს აყენებთ, ვინც მართლა ძალადობის ქვეშ არიან ოჯახებში თუ სხვადასხვა პარტნიორულ ურთიერთობებში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.მისი თქმით, „სამწუხაროა, რომ ეს ფაშისტური დაჯგუფება ქალებითაც არის დაკომპლექტებული“.„ან გაერკვიეთ საქმეში, ან ისწავლეთ, რომ იცოდეთ, როგორი სტანდარტი უნდა დაიცვათ, როცა მოძალადე, ფაშისტურ აქტივიზმში ჩართული ადამიანები, მათ შორის ქალები, მსხვერპლებად არ გამოიყვანოთ. ისინი მსხვერპლები არ იყვნენ, ისინი იყვნენ მოძალადეები. თავიდან ბოლომდე მაქვს ყველაფერი ნანახი… ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც - სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაშიც ეს ფაშისტური დაჯგუფება ქალებითაც არის დაკომპლექტებული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.კითხვაზე, უნდა დაისაჯოს თუ არა კაცი, რომელმაც მელიქიშვილზე მიმდინარე აქციაზე ქალს ხელი დაარტყა, წილოსანმა უპასუხა, რომ ის არ არის სამართალდამცავი სტრუქტურა და სამართლებრივ შეფასებას ვერ გააკეთებს.„პოლიტიკურად შევაფასებ და ვიტყვი, რომ ფაშისტური დაჯგუფება, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გადაადგილდება დედაქალაქში, ყველა ადამიანს ავიწროებს - განურჩევლად სქესისა და ასაკისა, მოქალაქეებს უზღუდავენ გადაადგილებას და ამას სპეციალურად აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცით პასუხგაცემული იყოს. ზუსტად ეს ფაშისტური დაჯგუფება მიუვარდა ჩვენს ჯგუფს, აგინებდნენ და შეურაცხყოფდნენ, მოუწყვეს პატარა აგრესიული მიტინგი. ამ ყველაფრის ფონზე, როცა ადამიანებმა საკუთარი ემოციით გამოხატეს მოქმედება, ჩემთვის ეს პოლიტიკური შეფასება გასაგებია. ეს ფაშისტური დაჯგუფება, როგორც ჩანს, დაკომპლექტებულია ქალებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, კარგად არიან დატრენინგებული, როგორ გამოიყვანონ ადამიანი წყობიდან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

1757422828

xoshtaria
„კოალიცია ცვლილებისთვის“: გუშინ, ვნახეთ მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა - დღეს დაგეგმილ აქციას ვუერთდებით

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირება „მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა იყო“.„კოალიცია ცვლილებისთვის“ დღეს 19:00 საათზე, ფილარმონიასთან დაანონსებულ აქციას შეუერთდა.„კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინდელ ამაზრზენ, საშინელ ფაქტს, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე მოხდა. ჩვენ ვნახეთ მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა, გადაცმული პოლიციელების, კრიმინალების, „რუსული ოცნების“ პარტიული წევრების მონაწილეობით. ეს იყო არაადამიანური საქციელი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რაც გუშინ ვნახეთ, ეს არის არაადამიანური, არაქართული, შეურაცხმყოფელი მთელი ჩვენი სახელმწიფოს, ქართველობის, საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ეს არ არის გასაკვირი „რუსული ოცნებისგან“ იმიტომ, რომ სწორედ ეს არ გვინდა ჩვენ, როდესაც „რუსულ ოცნებას“ ვებრძვით. მთავარია, მათ იცოდნენ, რომ არცერთი მსგავსი გამოხტომა მშვიდობიანი, ხელცარიელი ახალგაზრდა თუ არა ახალგაზრდა მოქალაქეების წინააღმდეგ, რეაგირების გარეშე არ ჩაივლის. ჩვენ არ დავთმობთ არცერთი ჩვენი მოქალაქის თმის ღერსაც კი. არავის გაუვა, რომ ვითომ პოლიციის კორდონს ამოფარებული, ასე მოეპყროს საკუთარ მოქალაქეებს. არ აქვს მნიშვნელობა არავის პოლიტიკურ პოზიციას. როგორც დღეს ამაზრზენად ისაუბრა კალაძემ, თურმე ვინმე ქალია და ვინმე ქალი არ არის - ეს არ არის საქართველო და ასეთი არ იქნება საქართველო. დღეს 19:00 საათზე, ფილარმონიასთან აქტივისტებმა დააანონსეს აქცია. როგორც გუშინ, ჩვენი მთელი კოალიციის შემადგენლობა ვუერთდებით ამ აქციას. რა თქმა უნდა, ვიქნებით იქ და რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე პასუხს აგებს ყველა ის მოძალადე, რომელიც ასე იქცევა. ასევე, მინდა ვუთხრა ყველა მოძალადე/შემსრულებელს, ცალკეულ ფიგურანტებს, პოლიციელს, არა პოლიციელს თუ ვითომ პოლიციელს- თქვენი სახელი და გვარი არის იდენტიფიცირებული, ყველანი აუცილებლად დაისჯებით“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

1757421053

ევროპული საქართველო
აკაკი ბობოხიძე: ამ ხელისუფლების წინააღმდეგ კანონიერი, მშვიდობიანი, არამშვიდობიანი, ასეთი თუ ისეთი დამხობა - ყველაფერი ალალი იქნება

ზარქუებსა და ლევან მაჭავარიანებს მოვუწოდებ: დატოვონ სტატუსი და მერე ილაპარაკონ, თუ რა მაგარი ბიჭები არიან! როცა სახელმწიფოს ეფარები და მოქალაქისთვის ანგარიშსწორებას სახელმწიფოს ძალით ცდილობ, ღირსებაზე ნუღარ მელაპარაკები! თუ ღირსებას იცავ, მაშინ პოლიცია მოიშორე და ეგ ღირსება ისე დაიცავი – მერე ვნახავთ, რა ღირსების დამცველები ხართ! - ეს განცხადება პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.მისი თქმით, როცა სახელმწიფო არ გიცავს, ამ სისტემის წინააღმდეგ ხალხს ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს.„ხელისუფლებას გააჩნია ვალდებულება, რომ დაიცვას წესრიგი. გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე ვნახეთ ხელისუფლება, რომელიც წესრიგის დაცვის ნაცვლად, ანგარიშსწორებით იყო დაკავებული. არც კი ვარჩევ მტყუან-მართალს - ის, როგორც ხელისუფლება, უკვე მტყუანია!როცა სუსტები არიან, მაშინ პოლიციას იშველიებენ, ხოლო თუ ღონიერები არიან, პოლიციას აჩერებენ და წესრიგს არ აცვევინებენ. რა გამოდის, ქართველ ხალხს თავის დაცვის უფლება არა აქვს. მას არც პოლიცია აქვს და არც თავის დაცვის უფლება გააჩნია. ეს ხელისუფლება კანონიდან გასულია და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ კანონიერი, მშვიდობიანი, არამშვიდობიანი, ასეთი თუ ისეთი დამხობა - ყველაფერი ალალი იქნება! ერთხელაც გაწყდება ის წვრილი ძაფი, რომელზეც დაკიდებულია ე.წ. მშვიდობა.ძალიან არ მსიამოვნებს იმ ამბის გახსენება, როცა ერთ ცნობილ ჟურნალისტთან კონფლიქტი მომივიდა, ოღონდ ავდექი და იმ საღამოსვე გადავდექი. განცხადებაში გადადგომის საფუძვლად დავწერე, რომ არ შეიძლება სახელმწიფო მოხელე მოქალაქეს ხელს ურტყამდეს.ლევან მაჭავარიანები, ზარქუები ჯერ გადადგნენ, სტატუსი მოიშორონ და მერე იჩხუბონ! რა კარგია, თუ შენს მიმართ ვინმემ ხელი ასწია, შენ პოლიცია და მთელი სახელმწიფო მანქანა დაგიცავს, მაგრამ თუ ღირსების დაცვას მოქალაქე დააპირებს, პოლიციის ზურგს უკან ამოფარებული ზონდერბრიგადები გამოდიან.თუ ნახეთ, რა მანქანებით იყვნენ მობილიზებული - ჯიპებით! თითქოს ერთი შეხედვით, წარმატებული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს წარმატებული ადამიანები სინამდვილეში ბანდაა, რომელსაც სახელად საქართველოს ხელისუფლება ჰქვია, რომელიც კანონიერადაც რომ იყოს არჩეული ამ მოქმედებების მერე უკვე უკანონოა. ჩვენ ხელისუფლება კანონისა და წესრიგის დასაცავად ვირჩევთ და არა თვითნებობისთვის.არის კადიროვული სისტემა და როცა სახელმწიფო არ გიცავს, ამ სისტემის წინააღმდეგ ხალხს ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს - უფრო მეტიც, სახელმწიფო თვითონ არის მოძალადე. როდესაც თავს გესხმიან თავდაცვისთვის ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, რისი შესაძლებლობაც გექნება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.მისი თქმით, ის თუ როგორ განვითარდება პროცესები 4 ოქტომბერს, ხელისუფლების მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული.„გაწყდება ერთხელაც ეს ძაფი და არ მინდა ის, რაც ჩემს ახალგაზრდობაში ერთხელ უკვე ვიხილე, მეორედ ვიხილო. თან 90-იან წლებში დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე იყო. ეს იყო დაპირისპირება პირველ პრეზიდენტთან, შემდეგ პირველი პრეზიდენტის მომხრეების დაპირისპირება მეორე პრეზიდენტთან. ეს პოლიტიკური დაპირისპირება აღარ არის - ეს არის დაპირისპირება ბანდასთან. თან ბანდა უფრო შეკრულია ხოლმე, ვიდრე პოლიტიკური ჯგუფები. პოლიტიკურ ჯგუფებში სხვადასხვა პოლიტიკური ხედვებია და სხვადასხვა პასუხისმგებლობებია, ხოლო ბანდას ერთმანეთთან საერთო დანაშაულის გრძნობა კრავს.მთელი ჩემი ცხოვრება ქუჩაში დავდივარ - ქუჩაში დავდიოდი ხელისუფლებაში მოსვლამდე და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. დღესაც ქუჩაში დავდივარ და ალბათ ხვალაც ვივლი. ესენი ქუჩაში გავლილი ვერც კი წარმომიდგენია“, - განაცხადა ბობოხიძემ.

1757419007

არასამთავრობო
საია: სახეზეა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა, მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და მოქალაქეთა დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების გამოყენებასთან

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სახეზეა კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენება.საია-ს შეფასებით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას.„2025 წლის 8 სექტემბრის საღამოს, მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ფიზიკურად იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე და მედიის წარმომადგენლებზე. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდამჭერები სასტუმრო „საქართველოსთან“ რამდენიმე მანქანით და რკინის ჯოხებით შეიარაღებულები მივიდნენ და დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდებიან თავდამსხმელები შეკრებილ დემონსტრანტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მხრიდან ქვეითად და გზის მხრიდან - ავტომობილებით. არაერთ ვიდეოში ასევე ნათლად ჩანს, როგორ ესხმიან „ქართული ოცნების" მხარდამჭერები თავს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ისე, რომ სახეზეა არა ორმხრივი შეტაკება ან აუცილებელი მოგერიება, არამედ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა. ძალადობის სამიზნე გახდნენ ჟურნალისტებიც, მათ შორისაა ლასლო მესეში, რომელსაც ტელეფონი წაართვეს და სცემეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად არ მივიდა. დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ტექნიკის გატაცების/დაზიანების ფაქტები, მათ შორის, ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს „პუბლიკას“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის ტელეფონის წართმევა, ასევე „პუბლიკას“ ჟურნალისტის, ქეთო მიქაძისთვის ტელეფონის წართმევა და მასზე შემდგომი ფიზიკური ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე მარტივად იდენტიფიცირებადია, თავდამსხმელი პოლიციას არ დაუკავებია. „პუბლიკას“ ინფორმაციით, მათ ინციდენტის შემდეგ, რამდენჯერმე დარეკეს საპატრულო პოლიციაში, თუმცა არც ადგილზე მყოფ პოლიციას ჰქონია რეაგირება და არც „პუბლიკას“ მიერ გამოძახებული პოლიცია არ გამოცხადებულა დანაშაულის ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებზე, მათ შორის ქალებზე, ჟურნალისტებზე, ძალადობრივი, ფიზიკური და სიტყვიერი, თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით, პოლიციას ეფექტიანი რეაგირება არ ჰქონია. სამართალდამცავებმა არ მიიღეს საჭირო ზომების ძალადობრივი ქმედებების შეჩერებისა და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად. პოლიციას ადგილზე არ დაუკავებია არც ერთი მოძალადე იმის მიუხედავად, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული კადრების ანალიზი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციას აღეკვეთა ძალადობა; ცხელ კვალზე დაეკავებინა მოძალადე პირები. პოლიციას არ დაუკავებია მოძალადეები, იმის მიუხედავად, როგორც კადრებში ნათლად ჩანს, მათ მიერ ნასროლი ნივთები, მათ შორის პოლიციელებს ხვდებათ. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს პოლიციელი კეტით შეიარაღებულ მოძალადეს ხელკეტს, რომლითაც იგი მანამდე დემონსტრანტს სცემდა. მოძალადე მას ეუბნება, რომ „მისიანია” და პოლიციელი პასუხობს, რომ ხელკეტს „მანქანაში ჩადებს“. კადრებში ჩანს, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულების და მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობისაგან დაცვის ნაცვლად, პოლიცია თავად მონაწილეობდა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში და აგინებს მას, რაც საგანგაშოა.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტზე თავდასხმას პოლიციის წარმომადგენლები ტოვებენ ეფექტიანი რეაგირების გარეშე. მსგავსი ინციდენტები მოხდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროტესტების და 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს, 20:59 წუთზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მშვიდობიან დემონსტრანტებზე ჯგუფურ ძალადობას „მოქალაქეებს შორის დაპირისპირება“ უწოდა. მოუწოდა „შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22:15-ზე გამოაქვეყნა კიდევ ერთი განცხადება, რომლითაც „მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“. მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები და საკუთარი განცხადებებით, ფაქტობრივად, დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა მოძალადეთა მიმართ. დიმიტრი სამხარაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ პოსტში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ძალადობა დემონსტრანტების პროტესტზე საპასუხო შურისძიებას წარმოადგენდა. ძალადობის მსხვერპლებს დააკისრა პასუხისმგებლობა თბილისის მერმა კახი კალაძემაც, მათ შორის, გამოიყენა სექსისტური ენა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ქალებზე საუბრისას.დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოს ის პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებს, რომელთა გავრცელებასაც მიზნად ისახავს დემონსტრაცია, თუმცა, მონაწილეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმის შიშის გარეშე, რომ ოპონენტები მათზე ფიზიკურად იძალადებენ. საპროტესტო აქციის დროს, სახელისუფლებო ძალაუფლების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს მათი მშვიდობიანი ჩატარება და მოქალაქეების უსაფრთხოება. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ეფექტიანად დაიცვას ადამიანები მესამე პირების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებებისაგან და გადადგას გონივრული ნაბიჯები მესამე პირების მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის, როდესაც სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი მოპყრობის შესახებ.8 სექტემბრის მოვლენები დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნება“ განაგრძობს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას. 8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან“, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან“, - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

1757416513

ოცნება
შალვა პაპუაშვილი: ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ „მოძალადე მედია“ ახალი ფენომენია, რომელიც, რუანდის „ათასი ბორცვის რადიოს“ მაგალითზე, უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია

თბილისის საარჩევნო შტაბზე ნაცი ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებას გამოეხმაურა.„ამ პროცესში, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა, ჩართული ჰყავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაფინანსებული „ნეტგაზეთი“, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე. მიკერძოებული, პარტიული, ყვითელი, ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ „მოძალადე მედია“ ის ახალი ფენომენია, რომელიც, რუანდის „ათასი ბორცვის რადიოს“ მაგალითზე, უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია“, – წერს პაპუაშვილი.

1757415290

ოცნება
ლევან მაჭავარიანი მელიქიშვილზე მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება იმ ფაშისტების და "ნაც-ტიტუშკების" მეშვეობით

ყველა ხედავს, რომ ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება, იმ ფაშისტების და ნაცტიტუშკების მეშვეობით, რომლებიც იკრიბებიან ფაქტობრივად ყოველდღე უკვე შტაბთან და აწყობენ მიზანმიმართულ პროვოკაციას, - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირებაზე საუბრობს.მისი თქმით, როდესაც ღირსებას ეხებიან და ისეთი სიტყვებით ილანძღებიან, ძალიან რთულია ამ ხალხის გაკონტროლება."ყველა ხედავს, რომ ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება, იმ ფაშისტების და ნაცტიტუშკების მეშვეობით, რომლებიც იკრიბებიან ფაქტობრივად ყოველდღე უკვე შტაბთან და აწყობენ მიზანმიმართულ პროვოკაციას. იქ ყველა ხედავს, თუ როგორი სიტყვებით ილანძღებიან. ძალიან რთულია გააკონტროლო შტაბში მყოფი ადამიანები, ვინაიდან, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ყველა თაობის ადამიანი იმყოფება აქ, გოგოებიც, ბიჭებიც, კაცებიც, ქალებიც. შესაბამისად, რა თქმა უნდა, როდესაც ღირსებას ეხებიან და ისეთი სიტყვებით ილანძღებიან, ძალიან რთულია ამ ხალხის გაკონტროლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და თუ არ ვცდები, დღესაც დაგეგმილი აქვთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფიზიკურად შტაბიდან არავინ არ გავიდეს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის აქტივისტებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

1757408548

ხაბე ზოგადი
ლევან ხაბეიშვილი: ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია, ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს

ქალბატონებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი იყოს, ცხადია, მშვიდობიანი, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.ის მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებას გამოეხმაურა.„ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული, მდინარაძე გახდა ახლა რკინის ხელი, ეს ფაფაცუა. დავალება მისცა, მიდით და დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართო. ოღონდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტური ლაჩრები არიან. ქალბატონებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ხელს ურტყამდნენ, ცხადია, შეთანხმებული იყო. მილიციელები რომ იდგნენ, თავზე დააფურთხეს იმათ, შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო, ვინმეს არ დააკავებდნენ? ცხადია, დააკავებდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ივანიშვილის ისტერიკა. ეს გამოვლინებაა, ბოლო ჟამია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია, ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი იყოს, ცხადია, მშვიდობიანი. ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველდღე და 4-ში საერთოდ თქვენ აღარ იქნებით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

1757408392

ქართული ოცნება
ირაკლი ზარქუა: მოლოდინი გვაქვს, რომ გახარიას მიმდევრები თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შემობრძანდებიან, მათი მცდელობა და ტაქტიკაა, მანდატი მოიპოვონ

გახარიას პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ამის შემდეგ მოლოდინი გვაქვს, რომ გახარიას მიმდევრები პარლამენტში შემობრძანდებიან. შემდეგ ბოიკოტს დაარქმევენ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.მისი თქმით, მათი მცდელობა და ტაქტიკაა, მანდატი მოიპოვონ.„ბოიკოტში რომ ხარ, ხელფასი მაინც გერიცხება. მათი მცდელობა და ტაქტიკაა, მანდატი მოიპოვონ – როცა დასჭირდებათ შემოვლენ, როცა გაბრაზებული იქნებიან, გარეთ დადგებიან. ეს იწილო-ბიწილო ნაცნობია. ამას ურჩევნიათ, კაცურად თქვან, რომ ვერ მოვახდინეთ რევოლუცია, ვერ ამოვატრიალეთ ქვეყანა, უსამშობლოებთან ერთად მმართველ პარტიას და ქართველ ხალხს ვერაფერი ვუქენით და მოდით, დავნებდეთ, პარლამენტში შევიდეთო. ეს უფრო ადამიანური და ლოგიკური იქნება. ახლა ერთი ნაწილი რევოლუციას გვიწყობს, მეორე – არჩევნებში მონაწილეობს. ამ იწილო-ბიწილოში თვითონ არიან შესული, ჩვენ არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ზარქუამ.

1757407712

gaxariasaqartvelostvis
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, ვითარება არ შეცვლილა! - პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს.„ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა!ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას).ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.ცნობისთვის, „იმედის“ ინფორმაციით, „პარტიამ გახარია - საქართველოსთვის“ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის. როგორც „იმედი“ აღნიშნავს, გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. იმედის ცნობით, ისინი შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.

1757405922

მერი
კახა კალაძე საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებაზე: მიზანმიმართული პროვოკაციაა, 30 „აკაცუკი“ და მათი ჩხავილი არავის აინტერესებს - ჩვენ არავის ვესხმით თავს, იმედია, ევროკავშირის ელჩი დაგვდებს პატივს და შეფასებას გააკეთებს

ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი,-ასე შეაფასა თბილისი მერმა, კახა კალაძემ გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება.მისი თქმით, ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები.„ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც სხვათა შორის, პირველი შემთხვევა არ არის. ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა მოვარდნა, შეურაცხყოფის მოყენება, გინება და ასე შემდეგ. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი. ჩვენ არავის ვუვარდებით, არავის ვესხმით თავს. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. უბრალოდ, წარმოუდგენელია იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი, დაჯგუფება გივარდებოდეს და ადამიანებს ხელს უშლიდეს მუშაობაში და აყენებდეს შეურაცხყოფას. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები. შესაბამისად, როდესაც შენ მიდიხარ და მიზანმიმართულად ხელს უშლი საარჩევნო შტაბს მუშაობაში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება და იცით, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ამას აქვს თავის მიზანი. მიზანი არის ის, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა“,- განაცხადა კახა კალაძემ. მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

1757404497

მათიკაშვილი ახლო კადრი
დავით მათიკაშვილი: გახარიამ შეცდომად აღიარა ის ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს. ეს არის აგენტურული ოპოზიციის ხვედრი, საკუთარი გადაწყვეტილებებით არ მოქმედებენ და ისეთი შეცდომები მოსდით, როგორიც პარლამენტში არ შემოსვლა იყო

მათი [პარტია „გახარია საქართველოსთვის“] მხრიდან დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ შემობრძანდნენ პარლამენტში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.მისი თქმით, ოპოზიცია არ მოქმედებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და ისეთ შეცდომებს უშვებენ, როგორიც მაგალითად საპარლამენტო ბოიკოტი იყო.„გახარიამაც შეცდომად აღიარა ის ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს; ეს არის აგენტურული ოპოზიციის ხვედრი, საკუთარი გადაწყვეტილებებით არ მოქმედებენ, დავალებებს ასრულებენ და ისეთი შეცდომები მოსდით, როგორიც პარლამენტში არ შემოსვლა იყო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.„ქრონიკის“ ინფორმაციით, გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა. შესაბამისი წერილით მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

1757402170

dokumenti
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა. შესაბამისი წერილით მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავს, იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.როგორც ირკვევა გახარიას პარტია ბოიკოტს წყვეტს.ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებსაც, სადაც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის საქმიანობასთან შეუსაბამო საქმიანობა.

1757401716