1753169725 • სამართალი
გიორგი ვაშაძე ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს

მეტი ერთიანობა არის მეტი ძალა, მეტი ძალა არის მეტი ნდობა და მეტი რეალური შესაძლებლობა გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
გიორგი ვაშაძე საპატიმრო დაწესებულებიდან ავრცელებს საკუთარ მოსაზრებას, თუ რა არის საჭირო გამარჯვების მისაღწევად.
ვაშაძის შეფასებით, კარგია ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ფორმატი, თუმცა არასაკმარისია.
„მეგობრებო, საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს დოკუმენტი არის იმის შესახებ, რომ მეტი ერთიანობა არის მეტი ძალა, მეტი ძალა არის მეტი ნდობა და მეტი რეალური შესაძლებლობა გამარჯვებისთვის.
ჩვენმა მოქალაქეებმა ეს კარგად იციან, უბრალოდ პირველ ნაბიჯს ჩვენგან ელოდებიან.
გამარჯვების გზა - ძალა ერთობაშია. გამარჯვების გზა ჩვენს ერთიანობაზე, მძლავრი ალტერნატივის ფორმირებაზე გადის. 1. რა დაამარცხებს იმედგაცრუებას? - ჩვენი გაერთიანება; 2. რა გაააქტიურებს პროტესტს? - ჩვენი გაერთიანება; 3. რა დააჩქარებს პარტნიორების ქმედებებს? - ჩვენი გაერთიანება, ძლიერი ალტერნატივის და წინააღმდეგობის დანახვება; 4. რა ჩამოშლის „ქართულ ოცნებას“? - ჩვენი გაერთიანება; 5. რა დააჩქარებს გამარჯვებას? -ჩვენი გაერთიანება.
როგორი გაერთიანება გვჭირდება?
პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები ერთიანდებიან სისტემურ, პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებულ ფორმატში, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და ეფექტურ მართვაზე.
გაერთიანება მოქმედებს ერთიანი სახელით - საერთო ბრენდის ქვეშ, რაც მკაფიოდ აჩვენებს საზოგადოებას რომ არსებობს არა დაქსაქსული და ერთმანეთთან დაპირისპირებული, არამედ ერთიანი, ძლიერი გრავიტაციის ცენტრი, ამასთან, ყველა ჯგუფი ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას.
ამ დოკუმენტის შესაბამისად ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს, ერთად მონაწილეობენ მომავალ ახალ საპარლამენტო არჩევნებში და საზოგადოებას სთავაზობენ ძლიერ, რეალურ ალტერნატივას.
კარგი იქნება თუ ეს ერთობა თავდაპირველად შეიქმნება ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიისა და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ბაზაზე.
შესავალი - ფაქტია, ერთად უფრო ძლიერები ვართ. ერთიანობას სჭირდება კომპრომისი, კომპრომისის გარეშე გაგვიჭირდება. დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ფუნდამენტიც კომპრომისია.
დროა, აბსტრაქტული საუბრიდან გადავიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე. კარგია ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ფორმატი, თუმცა არ არის საკმარისი.
ეს დოკუმენტი გამიზნულია შინაარსობრივი დისკუსიისთვის, წარმოდგენილი გადაწყვეტები, მექანიზმები ჩვენი მოსაზრებაა. მზად ვართ მოვისმინოთ რეკომენდაციები ან ალტერნატივები, რომ მოკლე დროში საბოლოო დოკუმენტამდე/შეთანხმებამდე მივიდეთ.
რეალურად ჩვენ მართლა მეტნი ვართ და როგორც კი ჩვენი აქტიურობით და სწორი კამპანიით ეს ციფრებში გამოიხატება, (მაგალითად ობიექტურ კვლევებში ჩვენ ვიქნებით პირველ ადგილზე, „ქოცი“ მეორეზე) უსწრაფესად დაიწყება ცვლილებების პროცესი და ყველას მოუწევს ამ რეალობისთვის ანგარიშის გაწევა.
დღეს არ არის არჩევანი პოლიტიკურ გემოვნებებს შორის, მემარცხენე თუ მემარჯვენე, ლიბერალურ თუ კონსერვატიულ მიდგომას შორის, დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყნის გადარჩენის არჩევანი: ღარიბი, სუსტი, დაუცველი, კორუფციული, ოლიგარქიული საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ - რასაც რეჟიმი გვთავაზობს თუ მდიდარი, ძლიერი, ერთიანი, დაცული, დემოკრატიული, რეგიონის ლიდერი საქართველო, ძლიერი ევროკავშირის წევრი და ძლიერი ამერიკის ღირსეული პარტნიორი - რასაც ჩვენ ვთავაზობთ.
ვიმეორებ, კომპრომისის გარეშე ერთიანობას ვერ მივაღწევთ. კომპრომისი პროდასავლურ, პატრიოტულ ფლანგზე, უკომპრომისობა - „ოცნებასთან“ მიმართებაში!
„ქართული ოცნების“ პროპაგანდა არც „დიფ სთეითის“, არც ომის, არც „ნაცების“ შიშის ყალბ პროპაგანდაზე არ დგას - ესენი მხოლოდ დამხმარეა. მათი პროპაგანდის მთავარი ღერძი ჩვენი სისუსტე, დაქსაქსულობა და ურთიერთ თავდასხმებია.
ის რეიტინგი რაც „ოცნებას“ უფიქსირდება 30 თუ 35%, იმიტომ კი არ აქვთ რომ ამდენ ხალხს ტვინი გამოურეცხეს და ხალხი ანტი ევროპელი, ანტი დემოკრატი, ანტიამერიკელი, პრორუსი გახდა ან კიდევ მოსწონთ ახალგაზრდების ცემა, დაჭერა და ა.შ. არამედ ისინი ჩვენთან შედარებით უფრო კონსოლიდირებულები და ძლიერები ჩანან.
შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ნომერი ერთი არის ძალის ჩვენება, არა გაფანტული უმრავლესობა, არამედ კონსოლიდირებული, ძლიერი ერთობა, რაც გაცილებით მეტია (მათ შორის ციფრებით) ვიდრე რეჟიმი.
რატომ ვერ ვერთიანდებით?
თითქოს ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა ერთიანობა, მაგრამ ზოგადი საუბარი საკმარისი არ არის. თუ ყველას გვინდა და მხარს ვუჭერთ ერთიანობას, მაშინ რატომ ვერ ვერთიანდებით? - ამას მეკითხებოდნენ მოქალაქეებიც და პასუხი საჭიროა ჩვენი ერთიანობით.
ხშირად მეც (და ალბათ საზოგადოებასაც) მიჩნდება განცდა, რომ:ზოგს ნამდვილად სურს ერთიანობა; ზოგი უბრალოდ საუბრობს ერთიანობაზე.
მე შევეცდები, ერთიანობის ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ.
ერთიანობის საფუძვლები - ერთიანობისთვის აუცილებელია: 1. მიზანი, რის გარშემოც ვერთიანდებით; 2. ამოცანები - მიზნის მისაღწევად; 3. პრინციპები, რაზეც ვთანხმდებით; 4. გაერთიანების სტრუქტურა; 5. გადაწყვეტილებების მიღების წესი; 6. ერთიანობის შტაბი - მექანიზმი, რითაც ვახდენთ ამ ერთიანობის რეალიზებას; 7. ფინანსები (ფანდრაიზინგი); 8. ქართული დამოუკიდებელი მედია.
ვფიქრობ, სწორედ ამ მექანიზმით უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებზეც, რაც პოზიციის მიუხედავად, ყველასთვის სავალდებულო უნდა ყოფილიყო შესასრულებლად.
1. მიზანი: საქართველოს დაბრუნება დემოკრატიული განვითარების გზაზე; • ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის; ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის აღდგენა; დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრულყოფა;
2. ამოცანები: ახალი წესებით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება; რეჟიმის ცვლილება;
3. პრინციპები: ვივიწყებთ განსხვავებებს – ერთიანობა მოქმედებს საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით; ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ერთად; კონსენსუსის არ არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე; გადაწყვეტილება რევიზიას აღარ ექვემდებარება; გადაწყვეტილება სავალდებულოა გაერთიანების ყველა წევრისთვის.
4. გაერთიანების სტრუქტურა: პარიტეტული პრინციპით შედგება გაერთიანების საბჭო:
4.1. პოლიტიკური პარტიები
4.1.1. 8 პარტია, რომელიც არ მონაწილეობს ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში. (თითო პარტიას თითო ადგილი)“,- წერს ვაშაძე.
ამასთან, მისი შეფასებით, თუ „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ უარს იტყვიან ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, შეიძლება მათი შემოერთება ამ გაერთიანებაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უარს იტყვიან პოზიციის გადახედვაზე და სისტემურ ერთიანობაში მონაწილეობაზე, გაერთიანება უნდა შეიქმნას მათ გარეშე.
„ლელოს“ და გახარიას რაც შეეხება, თუ ისინი გადახედავენ პოზიციას და უარს იტყვიან ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, შეიძლება მათი შემოერთება ამ გაერთიანებაში.
თუ გახარია, „ლელო“ და ელისაშვილი უარს იტყვიან პოზიციის გადახედვაზე და სისტემურ ერთიანობაში მონაწილეობაზე, (მაგალითად გახარია ყოველთვის ასე იქცევა) გაერთიანება უნდა შეიქმნას მათ გარეშე;
4.1.2 გაერთიანებაში ერთი წარმომადგენლით შეუძლია ასევე შევიდეს პარტიას, რომელსაც არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა ან ვერ გადალახეს ბარიერი, ამისთვის ისინი:
ა. უნდა იზიარებდნენ გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებს;
ბ. შეუერთდნენ ქართულ ქარტიას, რომელიც ერთად უნდა განვაახლოთ;
გ. უნდა იყვნენ რეგისტრირებული როგორც პოლიტიკური პარტია;
დ. პარტიის გაერთიანებაში შეყვანა წყდება ხმათა უმრავლესობით, გარდა „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ და სხვა უკვე შექმნილ სტრუქტურაში წარმოდგენილი პარტიებისა. ისინი ავტომატურად შევლენ.
4.2. საზოგადოებრივი/საპროტესტო/სამოქალაქო ჯგუფები
გაერთიანების საბჭოში ხმის უფლებით წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ის ჯგუფები, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მათი წარმომადგენლების ჯამური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პარტიული სუბიექტების რაოდენობას.
წარმომადგენლების არჩევის მექანიზმზე თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ.
აქ ჩამოვწერ იმ ჯგუფებს, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ, შეიძლება ვინმე გამომრჩეს რისთვისაც ბოდიშს ვიხდი:
4.2.1 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი - ბევრი საინტერესო ჯგუფი და ადამიანია გაერთიანებული. კარგად შეძლეს 26 მაისს მრავალი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება. (თავად შეთანხმდნენ რამდენი დელეგატით იქნებიან წარმოდგენილი)
4.2.2 დაიტოვე - აქტიური წინააღმდეგობისა და პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი;
4.2.3 რუსთაველის გამზირი - პაატა ბურჭულაძესთან ერთად „რუსთაველის გამზირი“ აქტიურად მოქმედებს. ბატონმა პაატამ არაერთხელ საკუთარ თავზეც აიღო რისკიანი გადაწყვეტილება, მაგალითად 9 აპრილს. ის დიდი ნდობით სარგებლობს და მნიშვნელოვანია მისი გაერთიანებაში მონაწილეობა.
4.2.4 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - უმნიშვნელოვანესი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი სამოქალაქო სექტორში. მათი მანდატიდან გამომდინარე, შესაძლოა უარი თქვან თუმცა, ის ვინც დათანხმდება აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ხოლო ვინც ამ ფორმატში არ იქნება მათთან გაერთიანება გააგრძელებს თანამშრომლობას.
4.2.5 საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა - აქტიურად მუშაობენ საარჩევნო და სხვა თემებზე ამიტომ კარგი იქნება ისინიც თუ იქნებიან წარმოდგენილები გაერთიანებაში.
4.2.6 სინდისის პატიმრების მშობლები - მნიშვნელოვანია მათი აქტიური ჩართულობა;
4.2.7 კულტურის სფეროს წარმომადგენლები - კარგად ორგანიზებული და საზოგადოებისთვის პატივსაცემი ჯგუფია, პროტესტის წინა ხაზზე არიან;
4.2.8 სტუდენტური ორგანიზაციები - აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა, ბევრი საინტერესო ახალგაზრდული ჯგუფი და ორგანიზაციაა, მათი აქტიურობა გადამწყვეტია;
4.2.9 ასევე წარმომადგენელი ემიგრანტების ჯგუფებიდან.
4.3. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლი
ქალბატონ სალომეს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს გაერთიანება მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს მის მიერ ინიცირებული „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე.
უფრო მეტიც, ვფიქრობ, ამ გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს, მესმის, ბევრი აკრიტიკებს მაგრამ ჩვენც უნდა მივეხმაროთ.
მე მასთან ბოლო 2 თვის მანძილზე მქონდა ურთიერთობა და დავრწმუნდი მის გულწრფელ სურვილში დააბრუნოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე.
ეს დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება ქალბატონი სალომეს ბოლო განცხადებას, პირიქით, ავსებს მას.
შენიშვნა: შესაძლოა გარკვეული ინტერეს ჯგუფი გამომრჩა რისთვისაც ბოდიშს გიხდით. მთავარია დავიწყოთ, კარი რა თქმა უნდა ყველასთვის ღია იქნება.
5. გადაწყვეტილებების მიღების წესი: გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე; კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში – ხმათა უმრავლესობით; თანაბარ ხმებზე – სალომე ზურაბიშვილის ხმა გადამწყვეტია; გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა წევრისთვის; თუ პირი ვერ დაესწრო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მიღებული გადაწყვეტილების შესრულება მაინც სავალდებულოა.
5.1. სახალხო ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები: ზურაბ ჯაფარიძის შემოთავაზებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას საერთო სახალხო ჩართულობით, პირდაპირი დემოკრატიის წესით:
* ამისთვის იქმნება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია;
* აპლიკაციაში რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს;
* ხმის მიცემის წესს ამტკიცებს გაერთიანების საბჭო;
* აპლიკაცია კეთდება ბლოკჩეინის ბაზაზე, (ეს არ არის ჩემი ახირება) რაც უზრუნველყოფს რეგისტრირებულის ანონიმურობას, ხმის მიცემის კონფიდენციალურობას და სისტემის დაცულობას.
ამ ნაწილზე საკუთარ წერილში ბევრი ისაუბრა ზურა ჯაფარიძემ, ჩვენც ბევრი გვისაუბრია ამაზე, რამდენიმე არსებული გადაწყვეტაც განვიხილეთ და ვფიქრობ, ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებისთვის.
ამ სისტემის დანერგვა გამოიწვევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას რაც გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას, გადაწყვეტილებასაც მეტი ლეგიტიმაცია და ხალხის ნდობა ექნება, უფრო მეტიც, ჩვენ ვაჩვენებთ რეჟიმისგან სრულიად განსხვავებულ არაერთპიროვნული მართვის მოდელს, მმართველობის ახალ კულტურას.
6. ერთიანობის შტაბი - მექანიზმი, რითაც ვახდენთ ამ ერთიანობის რეალიზებას
გაერთიანების საბჭოს პარალელურად იქმნება შტაბი, რომელიც:
* უზრუნველყოფს გაერთიანების ყოველდღიურ მუშაობას.
* დაკომპლექტებულია სრული განაკვეთით მომუშავე პროფესიონალებისგან.
* მუშაობს საარჩევნო კამპანიის შტაბის სტილში.
შტაბის სტრუქტურაზე მოგვიანებით გაგაცნობთ ჩემს ხედვას, დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში.
7. ფინანსები: რაღა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ფინანსების მობილიზება. ვფიქრობ, ძირითადი ნაწილი შეიძლება იყოს ე.წ. ქრაუდფანდინგი. დეტალურად შეგვიძლია მოგვიანებით ვიმსჯელოთ შეთანხმების პარალელურად.
8. ქართული დამოუკიდებელი მედია: მედია ურთულეს მდგომარეობაშია. ამასთან მისი როლი გადამწყვეტია, რომ ხმა მივაწვდინოთ თანამემამულეებს. მედიის წარმომადგენლებს მინდა გთხოვოთ, დავიწყოთ ამ დოკუმენტში არსებული გაერთიანების კონკრეტული მოდელის ფართო განხილვა და გაშუქება რათა ერთიანობა არ იყოს ეფემერული.
დასკვნა:
1. შესაძლოა რთული ჩანს, მაგრამ თუ ვითარებას რეალურად შევაფასებთ, ვფიქრობ, გზა გამარჯვებამდე ნამდვილ ერთიანობაზე გადის;
2. ყველა საკითხი ვერ მოვიცავი დოკუმენტში, შევეცადე ყოფილიყო მაქსიმალურად მოკლე. ერთად შეგვიძლია დავხვეწოთ და დავამუშაოთ;
3. წარმოდგენილი გადაწყვეტები რაოდენობებზე, გადაწყვეტილებების მიღების წესზე და ა.შ. ვფიქრობ მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებულ ვითარებას, რა თქმა უნდა ცვლილებები შესაძლებელია;
4. ვფიქრობ, გაერთიანების ფორმირებაზე რაც შეიძლება მალე უნდა მოვახერხოთ შეთანხმება;
5. ჩვენი გამარჯვების დაჩქარება პირდაპირ დამოკიდებულია გაერთიანების ჩამოყალიბებაზე. ეს დაანახებს საზოგადოებას მოძალადე რეჟიმის ალტერნატივას, გააძლიერებს პროტესტს და დააჩქარებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ქმედით ნაბიჯებს;
6. გთხოვთ, სრულად გაეცნოთ და ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მომწეროთ თქვენი მოსაზრებები საპატიმრო დაწესებულებაში;
7. ვფიქრობ, ეს მექანიზმი უკვე რომ გვქონოდა, უფრო მარტივად მივიღებდით გადაწყვეტილებას, მათ შორის ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებზე თუმცა, მომავალში კიდევ ბევრი სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხი გვექნება გადასაწყვეტი და გაგვიმარტივდება გადაწყვეტილების მიღება;
8. დარწმუნებული ვარ, ამ გაერთიანების ფორმირების და მწყობრი წინააღმდეგობის შემდგომ ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ მეტი მხარდაჭერა გვაქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ და დიდი უპირატესობით ვართ პირველ ადგილზე, ეს კი კიდევ უფრო შეამცირებს მათ რეიტინგს, რადგან ხალხი დაინახავს რეალურ ალტერნატივას და ძალას ჩვენში;
9. ვფიქრობ, ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. დისკუსიისას გთხოვთ არსებობის შემთხვევაში, შემოგვთავაზოთ ამ გზის ალტერნატიული ვარიანტი“,-წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს ჩაინიშნა.როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ალი ბაბაევზე ძალადობის საქმის მოსამართლე შეცვალეს და არის ეჭვი, რომ მოწმეებზე ზეწოლა იყოს.„ძალიან უცნაური პროცესი მაქვს, თავიდან ბოლომდე, როგორც გრძელდება. აქ სამართალთან არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. უცბად, შუა მსვლელობის დროს მოსამართლე შეცვალეს და უნდათ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყონ. წინა სხდომაზე ბრალდების ორმა მოწმემ აბსოლუტურად ჩემი სასარგებლო ჩვენებები მისცა. როგორც ჩანს, ეს ძალიან არ მოეწონათ. ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ ამ მოწმეების ხელახლა დაკითხვა უნდათ, მათზე შეიძლება ზეწოლა იყოს. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიქნებით, რამდენადაც შევძლებთ. ფაქტია, რომ ძალიან უცნაურად მიდის პროცესი და ძალიან უცნაურ პაუზებს იღებენ, 22 ივლისია და სხდომა 8 სექტემბრისთვის გადადეს. ცოტა დაფეთებულები არიან "ქოცები" და მაგიტომ არის ახლა, უცებ რომ დამიჭირონ. მაშინ, როდესაც ევროკავშირიდან წერილი მოვიდა, იქით, ამერიკიდან თანდათან ღრენას ისმენენ. მოკლედ, ამ პოლიტიკურ კონტექსტში არის, როგორც ჩანს, კიდევ ერთი პოლიტიკოსის დაჭერა არ უნდათ.ეს არის ლოგიკა, თორემ სამართალზე როგორ უნდა ვლაპარაკობდე ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიტიკა • 1753192769

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი პოლიტიკურ-სამართლებრივი ბმა ევროპასთან - თუ ესეც დავკარგეთ, ეს საქართველოს სრული იზოლაცია იქნება! საქართველოს სრული იზოლაცია აწყობს რუსეთს! ირაკლი კობახიძე და მისთანანი რუსეთის ინტერესებს იდეალურად ასრულებენ! - ეს განცხადება მედიასთან პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.ბუჩუკურმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ “საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის გადაფარვას ბოდვითა და სისულელეებით ცდილობს“.“როგორი ხელისუფლება არ გვყავდა ბოლო 30 წლის განმავლობაში - იყო ბევრნაირი, თუმცა გადასარევი არც ერთი არ იყო, მაგრამ ყველა ხელისუფლებამ, მათ შორის “ოცნებამ“ შესძლო, რომ აგური აგურზე დაედო იმისთვის, რომ ქვეყანა პოლიტიკურად და სამართლებრივად ევროპასთან აფილირებული გამხდარიყო. ჩვენ ეს მოვახერხეთ და დღეს, მარტო იმიტომ, რომ კორუფციული გზებით მოპარული ფული გადაირჩინონ, ქვეყანას პერსპექტივას უკარგავენ და ჭაობში გვითრევენ.მართლა არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი ეროვნული ინტერესების ღალატი! არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ქვეყნის იზოლაციაში დატოვებაზე მეტი ეროვნული ინტერესების ღალატი - ეს არის მოცემულობა!“ოცნება“ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კაცებს გათხოვებისგან იცავენ და ამას ევროპა ითხოვს. გამოვიდნენ და თქვან, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან რომელს შეასრულებენ - კორუფციას აღმოფხვრიან? პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ? პოლიტიკურ პარტიებს აღარ აკრძალავენ? ყველა პოლიტიკური ლიდერი რომ დევნაშია, ამ დევნას შეწყვეტენ? ევროკომისიის რეკომენდაციებში არაერთი პრიორიტეტული საკითხია - რომელიმეს ასრულებენ?!ირაკლი კობახიძე მომწონს თუ არ მომწონს, ვაღიარებ თუ არ ვაღიარებ, ფორმალურად მას პრემიერი ჰქვია - მისი მოსმენის უბრალოდ მრცხვენია! გამობრძანდეს და დაასახელოს “ქართული ოცნების“ რომელი კაცი წევრის გათხოვებას ითხოვდა ევროკავშირი!“ - განაცხადა ანა ბუჩუკურმა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნულს „ნახევრად ხუმრობით ამბობს“.
პოლიტიკა • 1753185778

პარტია „ელენე ხოშტარიას - დროას“ ანგარიშს ყადაღა სასამართლოს მიერ დაკისრებული 50-ლარიანი ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხოლო პირადად ხოშტარიას ანგარიშს, სავარაუდოდ, 4 000 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაედო - არც „დროა“ და არც ელენე ხოშტარია ყადაღის მოსახსნელად თანხის გადახდას არ აპირებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „დროას“ იურისტმა ქეთი ბარბაქაძემ განუცხადა.უფრო კონკრეტულად, როგორც იურისტმა განმარტა, 2021 წელს ჩატარებული არჩევნების უბნების გადათვლის მოთხოვნით 10 საჩივარი შეიტანეს, რომელთაგან განხილულია 1 საჩივარი, ბაჟის სახით კი სასამართლომ პარტიას 50 ლარი დააკისრა. იურისტის განმარტებით, პარტია სწორედ ამ დაკისრებული ბაჟის გადაუხდელობის მოტივით არის დაყადაღებული.„დააყადაღეს პირადად ელენე ხოშტარიას ანგარიში და დააყადაღეს პარტია „ელენე ხოშტარია-დროას“ ანგარიში. პარტიის ანგარიშის დაყადაღების მიზეზი, როგორც აღსრულებაში გავარკვიე, არის შემდეგი - 2021 წელს არჩევნების შემდეგ საჩივრები დავწერეთ უბნების გადათვლასთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ ბაჟი არ გქონდათ გადახდილიო, ანუ 4 წლის წინ რომ სარჩელი შევიტანეთ, ეს სარჩელები განიხილეს და ყველა ინსტანცია გაიარა. ჯამში თბილისის 10 ოლქში გვქონდა საჩივარი შეტანილი და ათივე განიხილეს. როგორც აღმასრულებელი მეუბნება ბაჟის სახით სასამართლოს მოთხოვნილი აქვს 50 ლარი. აღსანიშნავია, რომ ჯერ დაყადაღებული ვართ ნაძალადევის ოლქის სარჩელზე დაკისრებული ბაჟის გადაუხდელობის გამო.ამასთან, ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც სასამართლოში სარჩელი შეგაქვს და ამ დროს ბაჟი არ გაქვს გადახდილი, ასეთ შემთხვევაში, გიდგენენ ხარვეზს და ვიდრე ხარვეზს არ გამოასწორებ, ანუ ვიდრე ამ ბაჟს არ გადაიხდი, სასამართლო განხილვა არ ტარდება“-განაცხადა ქეთი ბარბაქაძემ.რაც შეეხება ელენე ხოშტარიას პირადი ანგარიშის დაყადაღების საკითხს, როგორც იურისტმა განმარტა, ხოშტარიას ანგარიშის დაყადაღების მიზეზი, ბაჟი ვერ იქნება, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ იურიდიულად დატოვებული აქვს. მიზეზი, ადვოკატის განმარტებით, ისაა, რომ არჩევნებამდე შეცვლილი კანონმდებლობის თანახმად, როდესაც პარტიის ლიდერი კოალიციას უერთდება და კოალიციის სიით გადის არჩევნებზე, არ შეიძლება, რომ სხვა პარტიის წევრი იყოს.ადვოკატის თქმით, რეალურად, ხოშტარიას პირადი ანგარიშის დაყადაღების მიზეზი შეიძლება იყოს 4 000 ლარიანი ჯარიმა.„მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი- 4 000 ლარით რომ დააჯარიმეს, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და ამიტომ დააყადაღეს პირადი ანგარიში. თუმცა, ელენე არ აპირებს ჯარიმის გადახდას“, -განაცხადა ქეთი ბარბაქაძემ.ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს. როგორც ხოშტარია „ფეისბუქზე“ წერს, დაყადაღების შედეგად მხოლოდ „17 ლარი მოიჭრა“.„დამაყადაღენ. მეც და „დროას „ანგარიშებიც. ვაი, თქვენს პატრონს! შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ. არ გადაგცდეთ ეგ 17 ლარი. არასდროს არცერთ ჯარიმას არ ეღირსებით ჩემგან, არცერთ დაკითხვაზე გამოცხადებას და არცერთ სასამართლო სხდომაზე მოსვლას. ცეცხლი ოლიგარქიას”,- წერს ხოშტარია.
პოლიტიკა • 1753185700

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, დავით ნარმანიასა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების თავმჯდომარეს, ჯორჯ ნიკოლესკუს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგულირების საკითხები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობასა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით ეფექტიანი მარეგულირებელი ნორმების შემუშავების აუცილებლობაზე. მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, რუმინეთში, ქ. ბუქარესტში ხელი მოეწერება სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს რეგულირებად სექტორებში გამოცდილების გაზიარებისა და მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით. სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.
საზოგადოება • 1753185594

რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია „არკვევს", გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აღნიშნავს, „სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს“.„რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია „არკვევს“, გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას. ამ ვითომდა „გამორკვევის“ მიზანი, სინამდვილეში, მათი პროპაგანდით ნაკვები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა. სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ხომ ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს.მთავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა, რატომღაც (?), რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ ხმამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერიც და ბერიც შეთანხმებულია და რომელსაც, უვიზო მიმოსვლასთან, წესით, არანაირი კავშირი არ აქვს.ბრიუსელის მაამებელი პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში „გარკვევის" ყველაზე სწრაფ გზას, ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი, როგორც სხვა დროს, არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა?“, - წერს პაპუაშვილი.
პოლიტიკა • 1753169864

რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? - ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება, რა უშლის ამას ხელს? - თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა.„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს - “კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს!” და “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. “ქართული ოცნების”არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე.რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნების” სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? - ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!რა უშლის ამას ხელს? - თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო“,- წერს მამუკა ხაზარაძე.
პოლიტიკა • 1753169832