პოლიტიკა
საზოგადოება
პედიატრი
ივანე ჩხაიძე - ამჟამად საქართველოში ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რინოვირუსი და ახალი კორონავირუსი, რომელზეც შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვირუსია ახალი კორონავირუსი, რომელიც აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა.როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჟამად, საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, ახალი კორონავირუსი და რინოვირუსი.ამასთან, განმარტა, რომ აღნიშნული ვირუსები, გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს, ისინი ძირითადად განაპირობებენ მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის მწვავე რესპირაციულ ინფექციებს.„ამჟამად, საქართველოში ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რინოვირუსი, ახალი კორონავირუსი, რომლითაც არის გამოწვეული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ არის ადენოვირუსი და პარაგრიპი, რომლის ცოტა შემთხვევაა დადასტურებული. ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ არის დადასტურებული. ეს ვირუსები, ძირითადად განაპირობებენ მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის მწვავე რესპირაციულ ინფექციებს. გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნები მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს ბრონქიტი, იშვიათია ფილტვის ანთება, როგორც გართულება. ახლა, ვინმეს თუ სჭირდება დახმარება, ძირითადად მიმართულია პირველადი ჯანდაცვის რგოლისკენ. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, ისინი არიან ჩართულები მდგომარეობის მართვაში. როდესაც გრიპი გამოჩნდება და მოიმატებს შემთხვევები, აქცენტი გადავა სტაციონარულ რგოლზე. ამ დროს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ხშირია. ჯერ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შეესაბამება ოქტომბრის თვეში არსებულ ვითარებას, არ არის განსაკუთრებული მატება. უფრო მეტიც, ვირუსული ინფექციების ის სიხშირე, რომელიც ახლა გვაქვს ქვეყანაში, შედარებით ნაკლებია წინა წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით. წინა წელს უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე ახლა არის. კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ ხასიათდება სასუნთქ სისტემაზე უპირატესი ზემოქმედებით, არ აქვს უნარი სწრაფად დააზიანოს ფილტვი, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, ან კლინიკაში მოთავსება. ის აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.გარდა ამისა, მან გრიპზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა პირბადის ტარება, ბევრი სითხის მიღება, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ხშირი განიავება და მაღალი ტემპერატურის დროს, ექიმისთვის დროულად მიმართვა.ამასთან, მან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია, რისკის ჯგუფებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტარონ.„რისკის ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით, კერძოდ, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვებიც. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვიდან“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

1729149746

1728641161

კახა კალაძე - იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, კორპუსების მშენებლობის პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება და მას აღნიშნულ ტერიტორიასთან შეხება არ აქვს.„იპოდრომთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტერიტორიას, რადგან აღნიშნული პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება. იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე, რომელსაც პროექტის სახით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახორციელებს. ის იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცე დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, გართობისთვის. მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას. მუნიციპალიტეტი ამ სივრცის ყველანაირად მოწესრიგებას ყოველთვის შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება სამუშაოების დასრულების ვადას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პროექტში, მოსახლეობის თხოვნით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.„პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. ამაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ ინფორმაცია. მოსახლეობის მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ტერიტორიაზე, მაგალითად, იაპონური, ფრანგული ბაღები არ მოწყობილიყო და უფრო მეტი სივრცე მდელოებს დათმობოდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და პროექტში გარკვეული ჩასწორება მოხდა. შეიძლება ისეთი მასშტაბური ტემპით არ მიმდინარეობდეს სამუშაოები, მაგრამ პროცესი მიდის. ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია ფონდთან დააზუსტეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

1728535424

პრემიერი - ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა - უსამართლო დოკუმენტს ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს, ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამს და ისეთივე უშედეგო იქნება

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა.მისივე თქმით, რეზოლუციას „ჩალის ფასი“ აქვს და ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სამი.„რაც შეეხება რეზოლუციას და ზოგადად, ევროპარლამენტს, არავისთვის გასაკვირი არ არის ალბათ ასეთი ტიპის ფაქტები - ის სურათი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. აშკარაა, რომ კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის, იმისათვის, რომ მოახერხონ ასეთი სცენარის განვითარება. ისინი იმედს ამყარებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ამისთვის შედგა რეალურად ევროპარლამენტში ეს დისკუსია. ამისთვის იქნა მიღებული ეს რეზოლუცია, თუმცა ამ ძალების ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო - ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა ძალიან ბევრი რამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, რა ძალები მოქმედებენ, რა ინტერესით მოქმედებენ ეს ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენმა თანამოქალაქეებმა ისწავლეს ასევე ისიც, რომ ასეთი რეზოლუციების უკან დგას არა ევროკავშირის, არა მისი მოსახლეობის ინტერესები, არამედ დგას სხვა კონკრეტული ძალების ინტერესები. ძალიან მკაფიოდ იკითხება ამ რეზოლუციიდან უსამართლობა. ისევ არის საუბარი „ქართული ოცნების" დასჯაზე, ისევ არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის" მფარველობაზე. ეს არის მთავარი წითელი ხაზი, რომელიც გასდევს ამ რეზოლუციას. რა თქმა უნდა, უსამართლო დოკუმენტს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის. ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია, როგორც წინა სამი", - განაცხადა პრემიერმა "იმედის" ეთერში.

1728149187

საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიენიჭა

 სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მათივე ცნობით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა.თბილისის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს თბილისობა მიულოცა.„კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და სიამაყე არ გეუფლებოდეს, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა რამდენს გაუძლო, რამდენი ბრძოლა გადაიტანა, რათა მის ქუჩებში მუდმივად ჩქეფდეს სიცოცხლე; რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს და ამ ცვალებადობაში ხელშეუხებელი და უცვლელი რჩებოდეს ის ტრადიციები, რაც მხოლოდ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს გააჩნია.ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად იქცა თბილისობა, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული. ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს. სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ - ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქვეყანაში. იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად, გაალამაზოს ჩვენი ქალაქი და მთელი ქვეყანა.კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქალაქის განვითარებაში. „თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მაგრამ მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე - ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე - ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი - ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია - რეჟისორი; გვანჯი მანია - გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი - ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე - მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე - მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა ქორიძე - არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი - რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი - ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე - მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი - არქიტექტორი; ზურაბ ყიფშიძე - მსახიობი; გურამ კალანდაძე - გეოლოგი; ნელი ბერაია - მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე - პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე - მხატვარი; ვილი სანიოლი - ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

სამართალი

სხვა სიახლეები
მერი
კახა კალაძე - ამ ოპოზიციას, გინდ შეერთებულს, გინდ დაშლილს, გინდ სალომესთან ერთად, გინდ მის გარეშე, გინდ „შალიკოს ფანჩატურით“, გინდ მის გარეშე, აქვს ნულის ტოლფასი შანსი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ოპონენტებს გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ.მისივე მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის ოპოზიციასთან თანამშრომლობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.„ამ ოპოზიციას, გინდ შეერთებულს, გინდ დაშლილს, გინდ სალომესთან ერთად, გინდ მის გარეშე, გინდ შალიკოს ფანჩატურით, გინდ მის გარეშე, აქვს ნულის ტოლფასი შანსი. არანაირი შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ეს არის რეალობა. თქვენ თუ გინდათ ამ რეალობის დამახინჯება, საზოგადოებისთვის სხვანაირად მიწოდება, ეს თქვენი საქმეა, შეგიძლიათ გააგრძელოთ, მაგრამ დღევანდელ რეალობაში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვოს საკონსტიტუციო უმრავლესობით.სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აკეთებს შტაბს. მე ამას მივესალმები, რადგან ის ადამიანები ჩვენთან ერთად იზეიმებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას ხელისუფლებაში. დღევანდელ მოცემულობაში შეუძლებელია, რადიკალიზმმა, ბოროტებამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლიტიკა 1729168418

უკრ
ვოლოდიმირ ზელენკი - უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება ან ჩვენ ნატო-ს წევრი ვიქნებით

უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატო-ს წევრი ვიქნებით, - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა.„დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი - უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა - უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატო-ს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ნატო-ს ქვეყნები არ იბრძვიან, სწორედ ამიტომ, უკრაინა ნატო-ს ირჩევს და არა ბირთვულ იარაღს.„მჯერა, დონალდ ტრამპმა მომისმინა, მან თქვა: „თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსოფლიო 1729168327

პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი - გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ

გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია.„გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა (144 ორგანიზაცია) უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ (136 ორგანიზაცია). დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია....და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ დილით ისევ საქართველოს ლამაზ ქალაქებსა და სოფლებში ვიღვიძებთ,“ - წერს პაპუაშვილი.

პოლიტიკა 1729168280

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი

ჩვენთვის ახალი არ არის ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურად ხდება პროცესების შეფასება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რადგან ვართ საარჩევნო პროცესში და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი, - ასე შეაფასა ლევან დავითაშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადება.პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, სხვა შეფასება, ამ ეტაპზე, ზედმეტია.„არჩევნების ჩატარებამდე დაგვრჩა ათ დღეზე ნაკლები დრო, შესაბამისად, მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, ობიექტურად, ზეწოლის გარეშე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და სწორი არჩევანი გააკეთონ “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება.„საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც. თუკი ისინი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველო ზრუნავს შანსებზე, მიაღწიოს პროგრესს და წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე“,-განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

პოლიტიკა 1729158025

ოცნება
ნინო წილოსანი ჰელსინკის კომისიის ანგარიშზე - როგორია მათი შეფასება აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან? ალბათ, კომისიას სააკაშვილის რეჟიმზე აქვს საუბარი და შეფასებები 12 წლის დაგვიანებით გააკეთა

ის ციტატები, რაც ამ ანგარიშიდან წამიკითხეთ, იმის ფიქრის საშუალებას მაძლევს, რომ ეს ანგარიში საქართველოზე არ არის დაწერილი - თუ საქართველოს გულისხმობდნენ, ალბათ, სააკაშვილის რეჟიმზე იყო საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, ჰელსინკის კომისიამ, შესაძლოა, ეს შეფასებები თავის ანგარიშში 12 წლის დაგვიანებით გააკეთა.„ის ციტატები, რაც ამ ანგარიშიდან წამიკითხეთ, იმის ფიქრის საშუალებას მაძლევს, რომ ეს ანგარიში საქართველოზე არ არის დაწერილი. მით უფრო, არ არის დაწერილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე. თუ საქართველოს გულისხმობდნენ, ალბათ, სააკაშვილის რეჟიმზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, იმ დროს თითოეული მათგანი დუმდა და ამ შეფასებებს არ იყენებდა. ამიტომ, შეიძლება 12 წლის დაგვიანებით გააკეთეს ეს შეფასებები თავის ანგარიშში, - განაცხადა წილოსანმა.ამავე თემაზე საუბრისას, წილოსანმა აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ ასულდგმულონ ოპოზიციის დღის წესრიგი და წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მაღლა აწიონ პოლიტიკური ტემპერატურა.„იმ ქვეყნის პოლიტიკური წარმომადგენლები, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან და მოსაკლავად იმეტებენ, როდესაც საქართველოში პოლიტიკურ წინასაარჩევნო გარემოზე განცხადებებს აკეთებენ, ლოგიკური კითხვა მიჩნდება, მათ შემთხვევაში როგორ ფიქრობენ, როგორ მიმდინარეობს აშშ-ში საარჩევნო პროცესები? ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევით უნდა და კონცენტრირდნენ თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, თითოეული ქვეყნის პოლიტიკა ქვეყნის შიგნით კეთდებოდეს.სიტყვა „ავტორიტარიზმის“ გამოყენებას სხვადასხვა რეზოლუციაში თავისი დატვირთვა აქვს. წინასაარჩევნოდ განულებულ ოპოზიციას რაიმე სახის დახმარება სჭირდება. ეს დახმარება აუცილებლად უნდა იყოს გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ მათთვის შიდა ფაქტორები უკვე აღარ არსებობს. თითოეული ასეთი განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ ასულდგმულონ ოპოზიციის დღის წესრიგი და წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მაღლა აწიონ პოლიტიკური ტემპერატურა“, - განაცხადა წილოსანმა.ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები.განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი.

პოლიტიკა 1729157965

სამადაშვილი ტრიბუნა
სალომე სამადაშვილი - ჰელსინკის კომისიის განცხადება ქმნის საფუძველს, დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, თუ შეეცდებიან შეეწინააღმდეგონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების დაფიქსირებას

ჰელსინკის კომისიის განცხადება ქმნის საფუძველს, დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, თუ შეეცდებიან შეეწინააღმდეგონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების დაფიქსირებას და გამოხატვას 26 ოქტომბერს,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.მისივე განმარტებით, „ივანიშვილი უკვე მიხვდა, რომ მისთვისვე სჯობია, დემოკრატიულ პროცესს მისცეს შანსი“.„ვხედავთ, დღეს მთელი დემოკრატიული სამყარო ქართველ ხალხს ეუბნება, რომ დღეს რუსული, ავტოკრატიული რეჟიმი გვმართავს; რომ ამ რეჟიმის თავიდან მოშორების გარეშე ქართველ ხალხს არ შეიძლება რაიმე იმედი ჰქონდეს, რომ მისი მომავალი იქნება დაცული, დემოკრატიული, მდიდარი და ევროპული. მათ შორის, ჰელსინკის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის ქმნის საფუძველს, დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, თუ შეეცდებიან შეეწინააღმდეგონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების დაფიქსირებას და გამოხატვას 26 ოქტომბერს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი უკვე მიხვდა, რომ მისთვისვე სჯობია, შანსი მისცეს დემოკრატიულ პროცესს და საკმაოდ უდრტვინველად დაემორჩილება ქართველი ხალის ნებას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.ამასთან, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების გადაწყვეტილებას. მისი თქმით, სასამართლოს კანონზე მსჯელობა არ მოუწევს, რადგან „გამარჯვების შემდეგ ოპოზიცია მას გააუქმებს“.„26 ოქტომბერს ოპოზიცია აპირებს, რომ გაიმარჯვოს და პირველი, რასაც ახალარჩეული პარლამენტი გააკეთებს, ეს იქნება „რუსული კანონის“ გაუქმება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს არ მოუწევს რუსული კანონის შესახებ მსჯელობა, რადგან ჩვენ მას გავაუქმებთ ძალიან მალე, სულ რამდენიმე კვირაში“,- განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადების მიხედვით, „ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები“. ამასთან, აღნიშნულია, რომ „მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს“.

პოლიტიკა 1729157853