1753443613 • პოლიტიკა
გდდ-ს თანამშრომელი აქციის დაკავებულ მონაწილეებზე - თუ დაკავებულებს დაუმტკიცდათ, რასაც ედავებიან, ერთადერთი პრეტენზია მაქვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ!

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლაშა გელაშვილი, რომელიც ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესზე იკითხება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
გელაშვილს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს და ის გუშინ, ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად დაკავებული 10 პირის საქმეზეც დაიკითხა.
გდდ-ს თანამშრომელმა გუშინაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ბრალდებულებს ბრალი დაუდასტურდებოდათ, მათთან პრეტენზია ექნებოდა, თუმცა, დღეს უკვე კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვა.
გელაშვილის ჩვენების მიხედვით, მან დაზიანება 30 ნოემბერს მიიღო, კერძოდ კი, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვა კოჭის არეში მოხვდა.
„თუ ნამდვილად დაუმტკიცდათ, რასაც ედავებიან, ერთადერთი პრეტენზია მაქვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. ვიცი, რომ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. არ დამინახავს, ვინ მესროლა, ისეთი სიბნელე იყო, სახეს ვერ დავინახავდი“, - განაცხადა გდდ-ს თანამშრომელმა.
მას კითხვებით მიმართა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმაც.
„გუშინ გაიხსენეთ, რომ სეუ-ში მეორე კურსზე ხართ, ცოტა დრო კი დაგჭირდათ ამისთვის [მოწმემ განაცხადა, როგორც ახსოვდა, მეორე კურსზე სწავლობდა]. იურიდიული განათლების მიღებას ცდილობთ. როგორც დაზარალებული აცხადებთ, რომ იმ ფაქტთან დაკავშირებით გაგაჩნიათ პრეტენზია, სადაც არ დაზარალებულხართ?“, - ჰკითხა ავსაჯანიშვილმა მოწმეს, ბრალდების მხარემ კი ამ კითხვის განრიდება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„სხვის ზიანზე არ მაქვს პრეტენზია, ჩემი თანამშრომლების გამო მაქვს პრეტენზია, ჯგუფური ძალადობის დროს დავზიანდით“, - განაცხადა გდდ-ს თანამშრომელმა, რომელსაც ადვოკატი ისევ ჩაეკითხა.
„მათზე მინდობილობა გაქვთ? თუ სხვის ზიანზე რატომ გაქვთ პრეტენზია, მოქალაქეებიც დაზიანდნენ და ფორმით საზღვრავთ? თქვენი პრეტენზია ფორმით იმიჯნება?“ - ჰკითხა მას ადვოკატმა, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ „ზოგადად ძალადობა მიუღებელია“.
მას კითხვებით მიმართა შოთა თუთბერიძემაც. ადვოკატი დაინტერესდა, უნახავს თუ არა მას დაშავებული მოქალაქეები, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.
მას ადვოკატმა ნაცემი დემონსტრანტები შეახსენა, რა დროსაც საქმის პროკურორი ჩაერთო ფრაზით, „ისე ამბობს, თითქოს დადასტურებული ფაქტი იყოს“, რასაც თუთბერიძემ რეპლიკით, „არ გრცხვენიათ?!“ მიმართა. ამ დიალოგს ხმაური და ბრალდებულების რეპლიკები მოჰყვა.
„თქვენივე ვიდეოში ისმის, როგორ ემუქრება პოლიციელი დემონსტრანტს გაუპატიურებით და კითხულობთ, სად სცემეს დემონსტრანტებიო?“, - იკითხა ზვიად ცეცხლაძემ.
მოსამართლემ პროკურორებს, ადვოკატებსა და ბრალდებულებს შენიშვნა მისცა.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოწმის დაკითხვა განაგრძო. მის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას რამე ამომცნობი ნიშანი, ან რამე რიცხვი ეწერა თუ არა, გდდ-ს თანამშრომელმა უპასუხა, რომ „შიგნიდან „რობოკოპზე“ აწერიათ, რაც გარეთ არ ჩანს“.
ამასთან, ადვოკატი დავით ჭიკაიძე დაინტერესდა, თუ რით იყო განპირობებული მოწმის პოზიციის ცვლილება ბრალდებულებთან დაკავშირებით, როცა თქვა, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, ვინაიდან გუშინდელ სხდომაზე ის მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ კანონის შესაბამისად უნდა დასჯილიყვნენ. მოწმემ განაცხადა, რომ მას არ მოუთხოვია, კანონის სრული სიმკაცრით დასჯა.
ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
პოლიტიკა • 1753443718

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა.როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დააკვებულთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.მისი თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.„ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.გუშინ სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ფენტანილი“, „ჰეროინი“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და სხვა.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ე.წ. ხელიდან ხელში და დადების გასაღების მეთოდით ახდენდნენ.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, პოლიცია კვლავაც ინტენსიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას.ჩვენი უწყება, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
სამართალი • 1753443662

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები დაესწრნენ.მიხეილ ყაველაშვილმა სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ყველა წარმატება, რომელსაც კალათბურთელებმა თავდადების, თავდაუზოგავი ვარჯიშის, ბრძოლის ჟინის კვალდაკვალ მიაღწიეს, გუნდური სულისკვეთებისა და ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარეობს. ყაველაშვილმა მათ მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა.„მინდა გისურვოთ წარმატება ევროპის ჩემპიონატზე. ვიცი, ხვალიდან იწყება მომზადება. მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას. თქვენ მაგალითს აძლევთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ამისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მე ვიცი თუ რამხელა შრომის ხარჯზე ხდება ამ შედეგების მიღწევა და როგორი განსაკუთრებულია ჩვენთვის, ამ პატარა ქვეყნისთვის სპორტული შედეგები და ეს აისახება ნებისმიერი სფეროს განწყობაზე. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ , რომ ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების წევრებს ქვეყნის ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისათვის გადაეცათ.უფრო კონკრეტულად, საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ: გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია.საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადაეცათ: ვიქტორ სანიკიძეს, ლაშა გამყრელიძეს, დავით საყვარელიძეს, ვლადიმერ ბოისას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რატი ანდრონიკაშვილს, მიხეილ ბერიშვილს, ბექა ბექაურს, გოგა ბითაძეს, ბექა ბურჯანაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, დავით კაკუშაძეს, გიორგი კორსანტიას, ლუკა ლიკლიკაძეს, ილია ლონდარიძეს, ლუკა მაზიაშვილს, გიორგი ოჩხიკიძეს, რევაზ როგავას, დუდა სანაძეს, სანდრო სანაძეს, გიორგი ტურძილაძეს, ალექსანდრე ფევაძეს, ოთარ ფხაკაძეს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ალექსანდრე ირაკლი მამუკელაშვილს, თადუს დევაინ მაქფადენს, მათე ხატიაშვილს, კამარ მალიკ ბოლდუინსა და ჯოზეფ ელიოტ (ჯუნიორ) თომასონს.საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი პრეზიდენტმა გადასცა: გივი სანაძეს, პაატა ლობჟანიძეს, თორნიკე გოგიჩაიშვილს, თეიმურაზ ხვედელიძეს, ზურაბ სულეიმანაშვილს, ბიაჯიო დი ჯორჯიო ჯიანიტოს, გიორგი ბუცხრიკიძეს, პაატა გურასპაულს, ნინო გურულს, გიორგი ზაბახიძეს, თათია მიმინოშვილს, თამარ რუაძეს, ნინო ხუციშვილს, ირაკლი პერტაიას, ლუკა წიტაიშვილს, გიორგი გაჩეჩილაძეს, ქეთევან კეკელიას, ირინა სომოვას, თათია ბაციაშვილსა და შალვა ონიანს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლიტიკა • 1753443613

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, ირაკლი კუპრაძე მათი თანაგუნდელის, ლევან ხორავას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კუპრაძე წერს, ხორავას სასამართლომ იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.„ჩვენი ბათუმელი თანამებრძოლი დააკავა რუსულმა რეჟიმმა და გაუშვა ციხეში 20 დღით, მხოლოდ იმიტომ რომ „ქოცების“ პროკურორს უთხრა, თუ რა ბოროტებას ემსახურება. ლევანი ვეტერანი სამხედროა, მოსამართლემ 20-დღიან პატიმრობასთან ერთად, 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა“,- წერს კუპრაძე.ცნობისთვის, დემონსტრანტი ლევან ხორავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
პოლიტიკა • 1753443570

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან ხორავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ხორავას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა.საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნება, რომ 27 მაისს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიტიკა • 1753443525

უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად გარღვევის მიღწევის მოლოდინი არ გვქონდა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„გარღვევას ნამდვილად არ ველოდით. გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია. გუშინ, მესამე რაუნდის შემდეგ მედინსკიმ დაადასტურა, რომ ადრე გაცვლილი მემორანდუმების პროექტებთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მიდგომები არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა.ამასთან, მისი თქმით, აგვისტოს ბოლომდე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძნელი წარმოსადგენია“.„შეუძლებელია იმის თქმა, რომ რაღაც ნამდვილად არ მოხდება. თუმცა, იმ სამუშაოს გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი პოზიციების დასაახლოებლად უნდა შესრულდეს, ეს ძნელი წარმოსადგენია“, - აღნიშნა პესკოვმა.შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გუშინ, სტამბოლში გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა.
კონფლიქტები • 1753361606