მამუკა მდინარაძე მაკრონი-ტუსკი-მერცის განცხადებაზე - დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ?! აი, ვის და რაზე ველაპარაკებით?! - დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება!

პოლიტიკა 1748339619
მდინარაძე მიკროფონები

დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის და რაზე ველაპარაკოთ?! - დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც დიალოგის შესახებ მაკრონი-ტუსკი-მერცის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში „ჩვენ დამოუკიდებლობის ასეთი ხარისხი არ გვქონია“.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ყველა მოლაპარაკება, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმება, მიმართული იყო იმისკენ, „თუ რას ჩამოგვციცქნიდნენ სუვერენიტეტიდან და თუკი ასეთი დიალოგები უნდა წარიმართოს, ამ დიალოგზე ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება აღარასდროს დაჯდება".

„დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ?! აი, ვის და რაზე ველაპარაკებით?! დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება! ნებისმიერი მიმართულებით რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მონაპოვარი დღეს. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, მე მიმაჩნია და არ მგონია, გულწრფელად მოფიქრალ ქართველს სხვაგვარად მიაჩნდეს, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი დღევანდელი დღის, ჩვენი ხელისუფლების არის საქართველოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებლობის ასეთი ხარისხი არ გვქონია და ეს უზრუნველყოფს დანარჩენს ყველაფერს - პროგრესს, რეალურ ევროინტეგრაციას და არა შანტაჟისთვის გამოყენებულ რაღაც ბერკეტებს. ყველა მოლაპარაკება, ყველა დიალოგი, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმება, მიმართული იყო რას ჩამოგვციცქნიდნენ სუვერენიტეტიდან, სად შეგვზღუდავდნენ, სად იქნებოდა გარე ბერკეტი მეტი, ვიდრე შიდა და თუკი ასეთი დიალოგები უნდა წარიმართოს, ამ დიალოგზე ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება აღარასდროს დაჯდება," - განაცხადა მდინარაძემ.

უახლესი
პოლონეთის საელჩო
პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს - საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის უარის მრავალი ფაქტის გამო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის რისკს, მათ შორისაა დემონსტრაციებში მონაწილეობა

გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც შესვლაზე უარის თქმის რისკს ზრდის, - ამის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.ამასთან, საელჩო მათ აფრთხილებს ჯარიმების თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის უცხოელებს დაეკისროთ.„საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები და ასევე, შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება მძიმე ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკა 1748503296

აშშ
დონალდ ტრამპი - ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა, თუ ყალბადაა დაინტერესებული, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება

ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა, თუ ყალბადაა დაინტერესებული, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.ტრამპმა უარი თქვა იმ ქმედებების გამხელაზე, რომლებიც მან შეიძლება განიხილოს რუსეთის დასასჯელად და განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართ მისი ახალი „მკაცრი ენა“ თავის თავზე საუბრობს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებმა შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებას.„სიტყვები საკმაოდ ხმამაღალია. ბედნიერები არ ვართ ამ ვითარებით“, - განაცხადა ტრამპმა.კითხვაზე, სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება, ტრამპმა უპასუხა: „დაახლოებით ორ კვირაში გაგაგებინებთ“.„გავარკვევთ, ყალბად დაინტერესებულია თუ არა და თუ ყალბად დაინტერესებულია, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება“, - განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო 1748498675

ლეო
რომის პაპი - მტკიცედ ვიმეორებ ჩემს მოწოდებას უკრაინაში ომის დასრულებისა და დიალოგისა და მშვიდობის ყველა ინიციატივის მხარდაჭერისკენ

რომის პაპი ლეო XIV უკრაინაზე რუსეთის გახშირებულ თავდასხმებს ეხმაურება და ომის დასრულების მოწოდებით გამოდის.„უკრაინელი ხალხზე ახალ, სერიოზულ თავდასხმებს ახორციელებენ“, - წერს პაპი სოციალურ პლატფორმა X-ზე.მისი თქმით, ლოცულობს ყველა მსხვერპლისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის.„მტკიცედ ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ომის დასრულებისა და დიალოგისა და მშვიდობის ყველა ინიციატივის მხარდაჭერისკენ. მოდით, ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის უკრაინაში და ყველგან, სადაც ომს ტანჯვას მოაქვს“, - აცხადებს პაპი.

მსოფლიო 1748498606

აშშ
ილონ მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განაცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკი მადლობას უხდის ტრამპს, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის, DOGE-ის, მართვის შესაძლებლობა მისცა.ამასთან, მისი განცხადებით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მუშაობას გააგრძელებს.„რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, თანამდებობაზე ყოფნის დრო იწურება, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობის მოცემისთვის. DOGE-ის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, - წერს მასკი X-ზე.დასავლური მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მასკის გათავისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყება.შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობის ზომის შემცირების ხმაურიან კამპანიას ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგადაც ათასობით ფედერალური სამუშაო ადგილი შემცირდა.

მსოფლიო 1748498577

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბან
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის წარმატებულ თანამშრომლობას.„პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიტიკა 1748451424

ნაც მოძრაობა
ლევან ხაბეიშვილი - სანქცირებული ივანიშვილი, სანქცირებული კალანდარიშვილით არჩევნებს არასდროს ჩაატარებს - გარკვეულ ჯგუფებს რომ მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, არანორმალურია

გარკვეულ ჯგუფებს უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის ინიციატივით გამართული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ლევან ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, რადგან „ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი“,„მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ყველას ესმოდეს, რომ სანქცირებული ივანიშვილი, სანქცირებული კალანდარიშვილით საქართველოში არჩევნებს არასდროს არ ჩაატარებს. შესაბამისად, გარკვეულ ჯგუფებს რომ უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია. აქ შეკრებილი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვთანხმდებით ერთ რამეზე, ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივი „მესიჯი“ გვაქვს საზოგადოებისთვის: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი, სადაც ის სხვადასხვა მსახიობებს შესთავაზებს სხვადასხვა როლს, ზოგმა დაირქვას რომ პოლიტიკოსია, ზოგმა - მერობის კანდიდატი და ა.შ. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა და ამის შემდეგ ობიექტური არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში და როგორი კოალიციური მთავრობა უნდა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პოლიტიკა 1748451371