1750058462 • პოლიტიკა
გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს.
როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განმარტა, ის სხდომაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებითაა დაბარებული, რათა დამატებით კითხვებს უპასუხოს.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, გიორგი გახარია კომისიის 23 ივნისის სხდომაზეა დაბარებული.
„23 ივნისს ჩვენ გამოვკითხავთ ხელმეორედ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს შეტყობინების პროცედურა ნაწილობრივ უკვე დასრულებულია, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნითა და სრულყოფილად დაცვის მიზნით. იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარია დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრი, მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო. ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მცხოვრებლის განმარტება, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ, ოკუპანტმა სახელმწიფომ დაიკავა და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა-განმარტებები და ჩვენები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენი ვალია, მას დამატებითი კითხვები დავუსვათ. ასევე, კითხვები დაისმება და ეს შეტყობინების წერილში მას ეცნობა, 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო. ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის, მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ისრაელის საგანგებო სიტუაციების ეროვნული სამსახურის, “მაგენ დავიდ ადომის” ცნობით, ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.საგანგებო სიტუაციების სასახურში აცხადებენ, რომ ოთხი ადამიანი ქალაქ პეტახ ტიკვაში დაიღუპა, ერთი კი - ბნეი ბრაკში.ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმები ისრაელის ცენტრალურ და სანაპირო ტერიტორიებზე განხორციელდა, განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კოორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ისრაელში პარასკევის შემდეგ ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.ამასთან, ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 224 ადამიანი ემსხვერპლა, 1 277 კი -ჰოსპიტალიზებულია.
კონფლიქტები • 1750058556

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ალექსანდრე ტაბატაძე და კახა კახიშვილი არიან დაბარებული.„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მთავარ საგამოძიებო სტრუქტურაში ალექსანდრე ტაბატაძე დღეს, 13:00 საათზე, კახა კახიშვილი კი 18:00 საათზე მივლენ. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის.ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იყო ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, - აცხადებენ პროკურატურაში.
პოლიტიკა • 1750058499

კითხვა დავსვათ, რაც 4 ოქტომბერს არის, არჩევნებია?! - როცა რაღაცას „არჩევნები“ ჰქვია მას აქვს თავისი წესები - ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება დასაბუთებულად მიიღონ.„მე არავის არაფერში ვადანაშაულებ. მე ყველას ვთავაზობ, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ, რა თქმა უნდა, დასაბუთებულად, არგუმენტირებულად. ძალიან კონკრეტული საკითხია. კითხვა დავსვათ, ის რაც 4 ოქტომბერს არის, არჩევნებია?! როცა ამდენი ადამიანი ციხეში გვყავს, საკანონმდებლო ბაზა ისე გააუარესეს, დამკვირვებელი არ გვეყოლება, მედია ცენზურის ქვეშ იქნება, „ფეისბუქპოსტებს“ აკონტროლებენ, აბა, რანაირი არჩევნებია ეს?! როცა რაღაცას „არჩევნები“ ჰქვია მას აქვს თავისი წესები. ახლა ჩამოვედი ბრიუსელიდან, სადაც ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი. ხვალაც შეიძლება რაღაცას დაარქვას არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“. ეს ვერ ჩაითვლება არჩევნებად. ამიტომ ჩვენ მარტო ახალ საპარლამენტო არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით, რომელიც მისცემს საქართველოს მოქალაქეებს მეტნაკლებად მაინც, თავისუფლად ნების გამოხატვის საშუალებას. რაც შეეხება „ლელოს“, ყველა პარტიას, მე საბოლოოო ჯამში, მჯერა, რომ ჩვენ ყველა მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას და ერთიან ბრძოლას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.
პოლიტიკა • 1750058425

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის მიზნით რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, ამ მიზნის მისაღწევად, სანქციები უნდა გაამკაცრონ.ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა.„მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა უზრუნველვყოთ რეალური ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ და ეს ომი დავასრულოთ, სანქციები ამ მიზნით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გასულ კვირას ჩვენ წარვადგინეთ წინადადება სანქციების მე-18 პაკეტის შესახებ. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს „დიდი შვიდეულიდან“, შემოგვიერთდნენ ამ მცდელობაში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა საუკეთესო ვარიანტია გრძელვადიან პერსპექტივაში.„ირანი რეგიონული არასტაბილურობის მთავარი წყაროა და ჩვენ ყოველთვის ძალიან ნათლად ვამბობდით, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა ერთი მხრივ, ევროპაში არსებულ კონფლიქტებსა და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებს შორის მზარდ ურთიერთკავშირს. ირანის მიერ შექმნილი და დამზადებული ერთი და იგივე ტიპის დრონები და ბალისტიკური რაკეტები განურჩევლად ურტყამს უკრაინისა და ისრაელის ქალაქებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.შეგახსენებთ, კანადა ალბერტას შტატის ქალაქ კანანასკისში „დიდი შვიდეულის“ სამიტს მასპინძლობს. სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემები ისრაელ-ირანის კონფლიქტის ესკალაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა საკითხებია. სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.
მსოფლიო • 1750058388

ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან - შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულები არიან: გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქრუაშვილიც, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული ბრძოლა დისკომფორტზე გადის.„შეიძლება ტექნიკურად ხელბორკილები დაადონ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ, ირაკლი ოქრუაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ აიძულეს სისტემა და სისტემამ ისინი ვერ გატეხა. იმიტომ, რომ არაფრის ფასად ისინი არ თანამშრომლობენ, ამ სისტემას არ აღიარებენ. ეს არის ბრძოლა.ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან. შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულია: გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქროაშვილიც. ამიტომ დიახ, ეს ბრძოლა დისკომფორტზე გადის. დისკომფორტზე - უამრავი ადამიანი სცემეს, უამრავი ახალგაზრდა დაპატიმრებულია. გუშინ მათეს ამბავმაც ბევრს გული მოუკლა, მაგრამ სხვანაირად, დისკომფორტის გარეშე ასეთ რეჟიმებს ვერ მოერევიან და აუცილებლად, მოვერევით, მათ შორის ნიკას ხათრით”, - განაცხადა ხოშტარიამ.ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა.იქამდე, გვარამიამ, რუსთავის საპატიმროსთან მისვლის შემდეგ 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა. თავის მხრივ, როგორც ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს, გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია „შესაბამის სამსახურს გადასცეს“.დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა.შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
პოლიტიკა • 1749813346

მე ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი, ვუთხარი : „უბრალოდ გააკეთეთ ეს“, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ შეეცადნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს იყვნენ, უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Thruth Social-ზე წერს.„მე ვუთხარი მათ, რომ ეს გაცილებით უარესი იქნებოდა, ვიდრე ყველაფერი, რაც აქამდე იცოდნენ, ელოდნენ ან მათთვის უთქვამთ, ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ლეტალურ სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს და რომ ისრაელს ბევრი მათგანი აქვს და კიდევ მეტი ექნება და მათ იციან, როგორ გამოიყენონ ის. ზოგიერთი ირანელი მკაცრი ხაზის წარმომადგენელი გაბედულად საუბრობდა, მაგრამ არ იცოდნენ, რა მოხდებოდა. ახლა ყველა მკვდარია“, - წერს ტრამპი.მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი ხოცვა-ჟლეტა და თავდასხმები დასრულდეს.„უკვე მოხდა დიდი სიკვდილიანობა და ნგრევა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა დასრულდეს. ირანმა უნდა დადოს შეთანხმება, სანამ ყველაფერი განადგურდება და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი. აღარ იყოს სიკვდილი, აღარ იყოს ნგრევა, უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიან არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!“ - წერს ტრამპი.
კონფლიქტები • 1749813308