1749018001 • პოლიტიკა
მედია - უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომს დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) დღეს რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომს ერთდროულად შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეცსამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავები ამჟამად ბელაიას, დიაგილევოს, ოლენიას და ივანოვოს აეროდრომებზე იწვის.
„მალუკის (უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი) წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, - აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3 ტიპის თვითმფრინავები.
წინასწარი მონაცემებით, შეტევის შედეგად რუსეთის ავიაციას 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიადგა.

ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს - ჩვენ მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლისკენაც ვისწრაფვით და არა ისეთს, როგორიც დღეს არის: დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა.ამავე კონტექსტში, მან ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეზეც ისაუბრა, რომელიც ანგარიშის წარმდგენია და აღნიშნა, რომ „ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური ტიპები, საკმაოდ მრავლად არიან“, თუმცა, დარწმუნებულია, ყველაფერი შეიცვლება.“ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს. კარგად ვიცით, როგორ ხდება მიღება, რამდენს იხდიან, რა თანხებზეა საუბარი. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შეფუთული. რეალურად, ჩვეულებრივი კორუფციაა. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ადამიანები, რომელიც ქვეყანაში აგენტურას წარმოადგენენ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მათი და მათი თანაგუნდელების მიმართ ის დამოკიდებულება აქვთ, რასაც იმსახურებენ.ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური ტიპები, საკმაოდ მრავლად არიან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლისკენაც ვისწრაფვით და არა ისეთს, როგორიც დღეს არის: დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე“, - აღნიშნა კალაძემ.ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.
პოლიტიკა • 1749038383

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები დღეს მიღებულ ახალ ანგარიშში აცხადებენ, რომ „საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მთავრობისკენ გარდამტეხი მომენტი იყო“. ამის შესახებ კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.მათი თქმით, „ამ მანკიანმა კენჭისყრამ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, გზა გაუხსნა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების უკანონოდ ხელში ჩაგდების, რეპრესიული კანონმდებლობის გაგრძელების და ამავდროულად პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ“.„ვინაიდან საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ ჩატარების შესახებ“, - აღნიშნულია პრესრელიზში.კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი კენჭისყრის ორგანიზებამდე, ისინი შეინარჩუნებენ „საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე“.„სულ უფრო რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ აუდიტს და მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას“, - აღნიშნულია პრესრელიზში.კომიტეტის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდებენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.„ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, რაც უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში არსებული შემზღუდავი მედია გარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებს მათ განზრახვაზე ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ,“- აღნიშნულია პრესრელიზში.შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ყოველწლიური ანგარიში 55 ხმით 14 წინააღმდეგ მიიღო, 4-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. დოკუმენტს ევროპარლამენტის მომავალ პლენარულ სესიაზე კენჭისყრისთვის წარადგენენ.
პოლიტიკა • 1749038294

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ქალების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მენტორობის პროგრამის მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე.ღონისძიების ფარგლებში სემეკის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა სერტიფიკატები გადასცეს მენტორობის პროგრამის მონაწილეებს. სემეკში რიგით მეორე მენტორობის პროგრამა, სახელწოდებით „ქალები ენერგეტიკაში“ 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულებმა გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულ ქალ კოლეგებს. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკის სექტორში ქალების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
საზოგადოება • 1749018211

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 28 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდია დააკავეს და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განაჩენით მას 9 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარკვეული პერიოდი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, იგი გადაყვანილ იქნა იმავე დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში. დაწესებულებაში ყოფნისას გამსახურდიასთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა ცემა/წამების ფაქტებს, რის გამოც მან პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. იგი ასევე ცდილობდა, საკუთარი ადვოკატების მეშვეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ხმა მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, რის გამოც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონოდ შეეზღუდა წერილების მიღება-გაგზავნა და სატელეფონო კომუნიკაცია.დაწესებული უკანონო შეზღუდვების მიუხედავად ცოტნე გამსახურდია არ წყვეტდა მცდელობას, დაეცვა მისი და სხვა მსჯავრდებულების უფლებები. ამ მიზნით მან ამავე დაწესებულების კონტროლიორს სთხოვა მისი წერილების დედისთვის გადაცემაში დახმარება. კონტროლიორმა ცოტნე გამსახურდიას თხოვნის შესახებ N18 დაწესებულების დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს შეატყობინა, რომელმაც თავის მხრივ, მიღებული ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გააცნო.ვინაიდან გაგა მკურნალიძე უკმაყოფილო იყო გამსახურდიას ქმედებებით და მისი მცდელობით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, გადაწყვიტა მისი დასჯა. კერძოდ: 2010 წლის 7 ივნისს კონტროლიორს და გიორგი ბუთლიაშვილს მისცა უკანონო დავალება, რომ კონტროლიორს დაეწერა პატაკი ამავე დაწესებულების დირექტორის სახელზე, თითქოსდა ცოტნე გამსახურდიამ შესთავაზა ქრთამის სახით 1000 ლარი, თუ იგი მიაწვდიდა ინფორმაციას დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიმართ ცემა/წამების ფაქტებზე, რაზედაც თავდაპირველად კონტროლიორმა უარი განუცხადა, თუმცა მკურნალიძის მუქარის შემდგომ იგი დათანხმდა წინასწარ შემუშავებული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას.გაგა მკურნალიძის გეგმის მიხედვით, N18 დაწესებულების კონტროლიორს უნდა ეთქვა მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიასთვის, რომ შვილი ჰყავდა ავად და ესაჭიროებოდა ძვირად ღირებული მკურნალობა, რისი ფინანსური საშუალებაც მას არ გააჩნდა, რათა მსჯავრდებულს მის მიმართ გასჩენოდა სიბრალულის გრძნობა და დახმარების მიზნით შეეთავაზებინა გარკვეული თანხა. ეს ყოველივე კი ჩაიწერებოდა ოპერატიული ღონისძიების ფარგლებში და წარმოჩინდებოდა, როგორც ქრთამის შეთავაზება-მიცემის ფაქტი.კონტროლიორის მიერ, გაგა მკურნალიძის კარნახით დაწერილი ყალბი პატაკის საფუძველზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, 2010 წლის 7 ივნისს დაიწყო გამოძიება და დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიებები. 2010 წლის 8 ივნისს ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი კონტროლიორი შეხვდა მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას და მათ შორის გამართული საუბრის შემდეგ ამ უკანასკნელს გამოართვა წერილები დედისთვის გადასაცემად.კონტროლიორის მიერ მსჯავრდებულის თხოვნით, 2010 წლის 13 ივნისს გადაცემული წერილებიდან ერთ-ერთ წერილში მოკითხვასთან ერთად, მსჯავრდებული სთხოვდა წერილის ადრესატს, წერილის მომტანისთვის საჩუქრად გადაეცათ 500 ლარი, რაც კონტროლიორმა საბოლოოდ მსჯავრდებულის მეგობრის მეშვეობით მიიღო.მიუხედავად იმისა, რომ გადაცემული თანხა არ წარმოადგენდა წინასწარ შეპირებულ ქრთამს და განპირობებული იყო ,,მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში“ მყოფი კონტროლიორის დახმარების სურვილით, გამოძიების მიერ მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას ქმედება შეფასდა, როგორც ქრთამის მიცემა და 2010 წლის 7 ივლისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.2015 წლის 22 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეთა მორიგების საფუძველზე დასრულდა ცოტნე გამსახურდიას დაცვის მხარესა და სახელმწიფოს შორის არსებული დავა, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ აღიარა გამსახურდიას მიმართ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა, მიკერძოებული გამოძიება და იკისრა 2500 ევროს გადახდის ვალდებულება მომჩივნის სასარგებლოდ.გამოძიების პროცესში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება სამართალწარმოების პროცესში მსჯავრდებულის უფლების არსებითი დარღვევის შესახებ და შესაბამისი შუამდგომლობა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მიზნით გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რის საფუძველზეც 2017 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. საქართველოს პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარუდგინა“,- ნათქვამია განცახდებაში.
სამართალი • 1749018051

ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა, სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ჩვენი ორპარტიული “MEGOBARI აქტი”. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.აღინიშნება, რომ განცხადება “ქართული ოცნების” მთავრობის გეგმას მოჰყვა, გამოიყენოს საქართველოს კომუნიკაციების კომისია “ტვ ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” სამიზნეში ამოსაღებად.“დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც “ქართული ოცნების” მთავრობამ ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, ამან სერიოზული შეშფოთებები გააჩინა, რომ ეს კანონი იარაღად იქნება გამოყენებული დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ. ახლა, როდესაც “ქართულ ოცნებას” დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეაქვს საჩივრები საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში - ორგანოში, რომლის დამოუკიდებლობა კითხვის ქვეშაა - ნათელია, რომ ეს მედია საშუალებები განსჯილი არ იქნებიან მათი ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ სამიზნეში იქნებიან ამოღებული პოლიტიკური მიზეზებით. მართალი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს მიიღოს ჩვენი ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, ვინაიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს “ქართული ოცნების” ანგარიშვალდებულად დაყენებას პრესის თავისუფლებასა და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის”, - განაცხადა შაჰინმა.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) და კომიტეტის ერთ-ერთმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა “MEGOBARI” აქტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს და ქართველ ხალხს უჭერს მხარს იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებს აგრძელებს.
პოლიტიკა • 1749018001

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის წინ მოსკოვმა კიევისგან მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ომის დასრულების შესახებ უკრაინული მხარის ხედვა იყო ასახული, თუმცა, რუსულ მხარეს არანაირი პასუხი არ გაუცია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.„რუსეთმა არ უპასუხა ჩვენს დოკუმენტს, რომელიც ასახავს უკრაინის ხედვას ომის დასრულების შესახებ. ჩვენ ის შეხვედრის წინ გავაგზავნეთ. შეხვედრის დროს ჩვენმა დელეგაციამ რუსებს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ. მათ არანაირი პასუხი არ გასცეს. არც შეხვედრის დროს და არც მის შემდეგ. ჩვენ რუსეთისგან პასუხს ვითხოვთ“, - აცხადებს სიბიგა.მისი თქმით, დუმილის ყოველი დღე ადასტურებს მათ სურვილს, ომი გააგრძელონ.„უფრო მეტიც, უკრაინის მხარის კონსტრუქციულ წინადადებებზე რეაგირების ნაცვლად, რუსეთმა წამოაყენა ულტიმატუმების მთელი რიგი, რაც სიტუაციას მშვიდობის დამყარებასთან არ აახლოებს. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის დაპირებებს, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის მიცემულს, რომ ამ კვირაში სტამბოლში რაიმე რეალისტურ და განხორციელებადს წარადგენდა“, - აცხადებს სიბიგა.მისი თქმით, რუსეთი ამ დრომდე უარი ამბობს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მნიშვნელოვან ფორმატზე და ეს საკმარისი მიზეზია უკრაინის პარტნიორებისთვის, რომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესონ.„უნდა დავასრულოთ მკვლელობები. თუ მიმდინარე შეხვედრები ასეთ შედეგს ვერ გამოიღებს და მშვიდობის ხელშეწყობას ვერ შეძლებს, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ლიდერების შეხვედრა აუცილებელია“, - წერს სიბიგა.
პოლიტიკა • 1749017976