1749642878 • პოლიტიკა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში

ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება იმისათვის, რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და მსგავსი შემთხვევის განმეორება მომავალში სრულიად გამოირიცხოს.
„უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში ურთიერთ სიძულვილის ენამ და დაუნდობელმა დაპირისპირებამ გადაფარა საღი აზრი და ერთობის გრძნობა. ეს საერთო პრობლემად უნდა აღიქმებოდეს და ერთად ვფიქრობდეთ ამის გამოსწორებაზე.
დღეს საღამოს ვიხილეთ ფიზიკური ანგარიშსწორების უმძიმესი კადრები, რომელმაც მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
მრავალი ვერსია ისმის მომხდარის შესახებ, თუმცა საბოლოოდ, რაც არ უნდა გაირკვეს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში.
თავისი სიმძიმით, ეს ფაქტი სცილდება პოლიტიკური შეხედულებების მიმართ განსხვავებულობას, სრულიად აპოლიტიკური საზოგადოების შეშფოთებასაც იწვევს და ზოგადად აჩენს დაუცველობის განცდას.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება, იმისათვის რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და სრულიად გამოირიცხოს მსგავსი შემთხვევის განმეორება მომავალში.
ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებას გვმართებს, მეტი მოთმინება ერთმანეთისადმი, თითოეულმა უნდა ვიზრუნოთ დაძაბულობის ჩაცხრობაზე, ნუ წავაქეზებთ ჩვენს შვილებს ერთმანეთის წინააღმდეგ. სიძულვილით ნათქვამი ყოველი სიტყვა, ჩვენს გარემოშივე ითესება და უკანვე გვიბრუნდება ამა თუ იმ სახით.
იესო ქრისტე გვასწავლის ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვას. ღვარძლს ნუ დავთესავთ, თორემ ამასვე მოვიმკით.
ჩემი თაობა შიშით ვუყურებთ წარსულს და გვახსოვს დედაქალაქში სამოქალაქო ომის დღეები, ოჯახების დაყოფა, ძმების დაპირისპირება, რომლის შედეგებიც წლების განმავლობაში არ განელებულა. დღეს ურთიერთგაუტანლობა საზოგადოებაში იმაზე ნაკლები არაა. რაღაცამ უნდა დაგვაფიქროს, ვიკმაროთ ამ მიმართულებით სვლა.
დღეს ზედმეტია თავის მართლების და რადიკალური პოზიციის დაკავება. რაც არ უნდა სხვაობა იყოს შეხედულებებში. როგორ ვართ მართალები, თუ ერთმანეთისადმი გამოქვაბულის სიძულვილი გვიპყრობს?
პასუხისმგებლიანი საზოგადოება ერთმანეთზე ზრუნვის ნიშნებს არ უნდა კარგავდეს.
ღმერთმა ინებოს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში,
სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს“, - წერს ჯაღმაიძე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩია. აღნიშნული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა.როგორც გამახარიამ საუბრისას აღნიშნა, გარდა თავმჯდომარისა, აფხაზეთის მთავრობაში სხვა საკადრო ცვლილების განხორციელება არ იგეგმება.გამახარიას თქმითვე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძის არჩევის წინააღმდეგი საბჭოს ორი წევრი იყო, რომლებსაც კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიუღიათ.„გუშინ გვქონდა სერიოზული განხილვა და დღეს გაიმართა პლენარული სხდომა, სადაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე ავირჩიეთ. გიორგი ჯინჭარაძემ წარმოადგინა სამთავრობო გეგმა“,- აღნიშნა გამახარიამ.შეგახსენებთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.
პოლიტიკა • 1749642945

პარლამენტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და თანამდებობაზე განწესების წესებში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.83-ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები საჭირო აღარ იქნება. გენერალური პროკურორობის კანდიდატს საპროკურორო საბჭოს წევრები დაასახელებენ, ხოლო დასახელების უფლება საბჭო თითოეულ წევრს ექნება.„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესი ერთი კვირის ვადაში დასრულდება.როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა, გენერალური პროკურორობის კანდიდატი წარადგინოს, მაგრამ კონსტიტუციაზე დაბალი იერარქიის კანონით გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთთვიანი კონსულტაციის გამართვა, ამის შემდეგ, სამი კანდიდატურის შერჩევა და ხმათა ორი მესამედის მოპოვების შემთხვევაში, კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. მისი თქმით, გამოწვევა სწორედ ამ პროცედურაში მდგომარეობს.„კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში ჩართული არიან სხვა პირები, რაც არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ გთავაზობთ, რომ საპროკურორო საბჭომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება ამ პირების ჩარევის გარეშე განახორციელოს და გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის დასახელების უფლება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ჰქონდეს.კანდიდატებს საპროკურორო საბჭო მოუსმენს. კენჭისყრა ღია წესით გაიმართება და ვინც სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს ისე, რომ სხვა კანდიდატზე მეტი ხმათა რაოდენობა მოიპოვოს, საქართველოს პარლამენტში მისი წარდგენა მოხდება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.კანონპროექტის ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.
პოლიტიკა • 1749642878

ბრიტანეთის ელჩმა იჩქარა თუ არა, შეცდომა მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, არ ჩაეთვალა არანაირ პოზიტივში, კონსტრუქციულობაში, რაც ელჩს ევალება - მან კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.მისივე თქმით, ბრიტანეთის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში და იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი.„ვიფიქრებდი, ბრიტანეთის ელჩმა შეცდომა დაუშვა და იჩქარა კომენტარები რომ გააკეთა, რომ არ ჰქონდეს იმ ცუდი გამოცდილების მაგალითები, რომელიც გაგვაჩნია ბრიტანეთის ელჩთან ურთიერთობაში, როდესაც იგი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში, საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში, იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი და პირდაპირ მოუწოდებდა ოპოზიციის მხარდაჭერას. ეს ჩვეულებრივი ამბავია ბოლო პერიოდში. მანდ ბრიტანეთის ელჩი შეიძლება იყოს ცალკე გამოყოფილი. ეს გერმანიის ელჩსაც ეხება, საფრანგეთის ელჩსაც და სხვასაც. რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით გრანტის გაცემას მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემას ეს ეხმარება, მაგრამ გრანტის გაცემა მაგალითად, „ისფედზე“ უნდა იწვევდეს დამატებით შეკითხვებს, ვინაიდან „ისფედი“ იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ამახინჯებდა მონაცემებს, შემდეგ შეცდომებს არ აღიარებდა, იმიტომ, რომ შემდეგ რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო. ბრიტანეთის ელჩმა იჩქარა თუ არ იჩქარა, შეცდომა მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, არ ჩაეთვალა არანაირ პოზიტივში, კონსტრუქციულობაში, რაც ელჩს ევალება. არამედ, კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, ვინაიდან ზუსტად იცის, რამდენიმე დღეში ეს თემა მოგვარდება, არჩევნებამდე დიდი დროა და მას ექნება საშუალება წარმოადგინოს საკუთარი პროექტი ამის დაფინანსების ორგანიზების თაობაზე,“ - განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.
პოლიტიკა • 1749642845

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება “გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.“გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია.თუმცა, საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება “გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას.ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა.პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ საქართველოში.დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას“, - ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
პოლიტიკა • 1749634662

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკის რეგულირების შესახებ პირველი ანალიტიკური ჟურნალი გამოსცა. ჟურნალში განთავსებული პუბლიკაციები შეეხება რეგულირებად სექტორებში განხორციელებული პროექტების შეფასებას, სემეკის საქმიანობის ძირითადი პრინციპების მიმოხილვასა და ინოვაციურ პროექტებს. ჟურნალში - „ენერგეტიკის რეგულირება“ ყურადღება გამახვილებულია ელექტროენეგრეტიკის სექტორში სატარიფო რეგულირების, წყალმომარაგების სექტორში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების, არამიზანშეწონილი საოპერაციო დანახარჯებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის, მომსახურების სფეროში არსებული სიახლეებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ანალიტიკური ჟურნალი სემეკის საჯაროობისა და ღიაობის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს: „ჟურნალის საშუალებით შევეცადეთ, რომ დაინტერესებულ პირებს გავუზიაროთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დაგროვილი ცოდნის შესახებ. ჟურნალში მიმოხილულია რეგულირებადი სექტორების ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების ეფექტიან რეგულირებასთან ერთად სემეკი თავის საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით, რომლებიც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს როგორც სექტორების განვითარებას, ასევე მომხმარებლებისათვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფას. წლებია, სემეკი ურყევად ინარჩუნებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და აგრძელებს უწყვეტ თანამშრომლობას დაინტერესებულ პირებთან. სემეკის საქმიანობის მთავარი პრინციპი ნათლად არის ასახული სლოგანში „როცა ბალანსი დაცულია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ანალიტიკური ჟურნალის პრეზენტაციისას. ანალიტიკური ჟურნალი განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/media/journal
საზოგადოება • 1749634578

ლოს-ანჯელესში პოლიციასა და საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.ტელეკომპანიის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს. სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს.ამასთან, სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ის სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ.საპროტესტო აქციები გაიმართა სანტა-ანასა და სან-ფრანცისკოში, სადაც კვირას დაახლოებით 150 ადამიანი დააკავეს. მომიტინგეები შეიკრიბნენ ნიუ-იორკშიც, სადაც, პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.ატლანტაში აქციის მონაწილეები საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) შენობის წინ შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილსა და დალასშიც.ამასთან, პროფკავშირების ლიდერებმა პროფკავშირების გავლენიანი ხელმძღვანელის, დევიდ უერტას გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაციები გაიმართა ბოსტონში, პიტსბურგში, შარლოტში, სიეტლში, ვაშინგტონსა და რამდენიმე სხვა შტატში, მათ შორის კონექტიკუტსა და ნიუ-იორკში.
მსოფლიო • 1749537097