პრემიერი - სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მოთხოვნაა - ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და არ იქნება სწორი, არ შევასრულოთ

პოლიტიკა 1748938722
პრემიერი

ვიწყებთ პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მენეჯმენტის ცვლილებას და სისტემის გაჯანსაღებას გულისხმობს.

„სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა. ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები, ამიტომ ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას, სისტემის გაჯანსაღებას, დახვეწას, გაუმჯობესებას. ოპტიმიზაცია არის ერთი მიმართულება, რაც მოგვცემს როგორც ეკონომიის, ისე ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი სახელმწიფო საწარმოებში, რათა ეფექტიანობის ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. თუ ვეხებით ჩვენ რკინიგზას, ენერგეტიკას, ყველგან არის შესაძლებელი მეტი ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა, მეტი წარმატების მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს აუცილებლად გაკეთდება. ენერგეტიკის სფეროში მაგალითად ჩამოყალიბებული იყო გარკვეული პრაქტიკები, რომელიც პირდაპირ აბრკოლებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ეს პრაქტიკები თავიდან ბოლომდე მოისპობა და ეს გაკეთდება უახლოესი მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში. იგივე არის გასაკეთებელი ყველა სხვა სფეროში. მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც დამატებით წაახალისებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამისთვის უახლოეს მომავალში მომზადდება საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში და ვთხოვთ პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რათა საბოლოოდ განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა“, - აღნიშნა პრემიერმა.

უახლესი
პარლ თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები - დროა, ყველას შევახსენოთ, აქ არავინაა სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი

დროა, ყველას შევახსენოთ, აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის ჩასაბარებელი არ აქვს, ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, დასავლეთში კრიტიკას ხვდებიან „გაბუტული პოზით“, არადა თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა“.„ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები. სამწუხაროდ, უკვე ძალიან შეეგუა ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს რა არის ღირებულება და რა არა. ახსენებენ ევროპულ ღირებულებას ისე, თითქოს, არსებობდეს უფრო დაბალი ქართული ღირებულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის ჩასაბარებელი არ აქვს, ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული. ამიტომ შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, რომ თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა, ატანა და კრიტიკაზე პასუხი. ჩვენ რასაც ვხედავთ არის, რომ კრიტიკას ხშირად ხვდებიან გაბუტული პოზით, თითქოს ეს არის თავდასხმა, შეურაცხყოფა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი მეთოდია, რომ თავიდან აირიდონ კრიტიკა და „გაღმა შედავებისავით“ რაღაც გაბუტულ პოზაში ჩადგნენ, ანტიევროპული უწოდონ რაღაც საკითხებს. ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის ფაქტებით, კონკრეტული ფაქტებით, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემისტული ჯგუფები, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება პროპაგანდა. ყველა ამ საკითხზე გვაქვს მტკიცებულება და ფაქტი. ყოველ ჯერზე ვასახელებთ მტკიცებულებას და ფაქტს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი თავიდან ბოლომდე ჩართულია შიდა პოლიტიკაში, ვენის კონვენციის დარღვევით.„როგორც ჩანს შეხსენებაა საჭირო, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ მოიცავს ორ საკითხს: ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატების იმუნიტეტი და პრივილეგიები და ამ პრივილეგიების საპირწონედ, ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საკითხებში ჩარევა. დღეს ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ჩვეულებრივად კონფლიქტშია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან. ზოგ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ მათ პერსონალურ ზიზღშიც კია გადაზრდილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, როცა მათ კომენტარებს ვუსმენთ. როცა დიპლომატი დაკავებულია ხელისუფლების მიმართ თავდასხმებით, თავდასხმებით ადგილსამყოფელ ქვეყანაში ხალხის მიმართ, როცა დიპლომატს აქვს შექმნილი თავისი ვიწრო წრე, რომელსაც ის ფულს უხდის და ის მიაჩნია ხალხად და სხვას ხალხად არ მიიჩნევს, ის გადის დიპლომატიური პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან და ხდება ჩვეულებრივი პოლიტიკოსი.ზოგიერთი დიპლომატი საქართველოსი, ელჩი თუ საელჩოს სხვა თანამშრომელი ჩვეულებრივ, რიგით ქართველ პოლიტიკოსადაა ქცეული და პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს თუ ქცევის წესსა და სტანდარტებს. თუ ამ ნაბიჯზე მიდიან, ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც, სხვათა შორის, მათივე დაფინანსებით არის დამკვიდრებული, ცუდ სტანდარტს როცა ვგულისხმობთ. არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში... კაციშვილს არ ახსოვს, იმდენი ელჩია საქართველოში. ის ელჩები, რომლებიც ქართველ ხალხზე თავდასხმით არიან დაკავებულები, აიტანონ კრიტიკა.ჩემი ფუნქციაა ვამხილო და შევარცხვინო ის დიპლომატები, რომლებიც თავს ეძახიან ევროპელებს, რომლებსაც მართლაც ევროკავშირის პასპორტი უდევთ ჯიბეში, მაგრამ არაფერი ევროპული ღირებულებისა მათ ამგვარ ქცევაში არაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლიტიკა 1749118540

ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე - საინფორმაციო გამოშვებაში, ახალი კანონით, მაგალითად, არც ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“ უნდა იყოს გამოყენებული - ჩვენ მიმართვა იმაზე გავაკეთეთ, რაც გვაინტერესებდა, არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ

რა შუაშია ცენზურა?! საინფორმაციო გამოშვებაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ცენზურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება - კანონი ყველა მედია საშუალებას თანაბრად ეხება! თუ საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენება ისეთი ტერმინი, როგორიცაა, მაგალითად, „რადიკალური ოპოზიცია“, ახალი კანონით, არც ეს ტერმინი უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ ჩვენ მიმართვა იმაზე გავაკეთეთ, რაც გვაინტერესებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განაცხადა.კობახიძის თქმით, არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ კომისიას მიმართონ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, მრავალი წელია მედია სტანდარტები დადგენილია, მაგრამ აქამდე კანონმდებლობაში მისი აღსრულების მექანიზმები არ არსებობდა.„ის, რომ საინფორმაციო გამოშვება ობიექტური და ნეიტრალური უნდა იყოს, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი - რა შუაშია აქ ცენზურა?!ეს სტანდარტი საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა, მაგრამ მისი აღსრულების მექანიზმები გათვალისწინებული არ იყო. პარლამენტმა აღსრულების მექანიზმები დაწერა. შესაბამისი ორგანიზაციისადმი მიმართვა სწორედ ამის საფუძველზე განხორციელდება.რა შუაშია ცენზურა?! ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ცენზურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება - პირიქით! იმისთვის, რომ მედიაში სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს, საჭიროა ობიექტურობის სტანდარტი იყო დაცული. კულტურის უზრუნველყოფა ცენზურა არ არის! თქვენთვის ეს შეიძლება ცენზურა იყოს, მაგრამ აქ საუბარია საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი მიმართულებებით და ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაზე.კანონი ყველა მედია საშუალებას თანაბრად ეხება - მნიშვნელობა არა აქვს რომელი ტელევიზია რა ტერმინებს იყენებს. თუ ერთი მიმართულებით კონკრეტული ტერმინები გამოიყენება, მეორე მიმართულებით მეორე მხარესაც კონკრეტული ტერმინები გამოიყენება. თუ საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენება ისეთი ტერმინი, როგორიცაა მაგალითად, „რადიკალური ოპოზიცია“ ახალი კანონის მიხედვით, არც ეს ტერმინი არ უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ რაც გვაინტერესებდა, მიმართვა იმაზე გავაკეთეთ. როცა პარტია მიმართავს, რა თქმა უნდა, მას სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ.ეს რა თქმა უნდა, კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ცენზურაზე ისაუბრონ, რაც ტყუილია, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის გამოყენებაში - თუ მათ მიაჩნიათ, რომ შესაბამისი ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით ობიექტურობის სტანდარტებს არღვევენ, მათაც შესაბამისი კომისიას უნდა მიმართონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კითხვაზე, მივა თუ „ქართული ოცნება“ კრიტიკულ მედიებში, კობახიძემ განაცხადა, რომ მათი საქმეა, სად მივლენ და სად - არა.„როცა სტუმრობაზეა საუბარი, თუ მოწვევა იქნება, ამ შემთხვევაში ტელევიზია თავისი მხრიდან ბალანსს არ დაარღვევს. აქ საქმე მარტივადაა“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ."ქართულმა ოცნებამ“ “ტვ პირველს“, “ფორმულას“ და ასევე “მთავარის“ ინტერნეტ პორტალს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. “ქართული ოცნება“ აღნიშნულ მედია საშუალებებს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ნორმების დარღვევას ედავება. ტელეკომპანიების ინფორმაციით, სახელისუფლო პარტია მათ ტერმინების: - "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო". „ქართული ოცნება“ „ფორმულას“ ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამო უჩივის.

პოლიტიკა 1749118513

მთავარი
ნიკა გვარამია - მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა, ოღონდ, „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით!

მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა. ოღონდ, „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია აღნიშნავს, არ ეშინიათ, იმიტომ რომ იციან, რისთვის იბრძვიან.„მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა. ოღონდ, “გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით! კიდევ აქეთ რომ გვაწვებით იმათ, ვინც ერთადერთ სწორ, მაგრამ რთულ გადაწყვეტილებას ვიღებთ და ამის გამო ვრჩებით ფინანსების გარეშე და ლიდერებით ციხეში. არ გვეშინია ამ ამბის, ამოვძვრებით ამ მძიმე ვითარებიდან. არ გვეშინია, იმიტომ, რომ ვიცით, რისთვის ვიბრძვით: რეჟიმი უნდა დაემხოს!“ - წერს გვარამია.

პოლიტიკა 1749118467

აშშ ელჩი
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი - მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე - ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია

მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.როგორც დანიგანი აღნიშნავს, მისი გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.ამასთან, მისი განცხადებით, განაგრძობს "დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ".„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ”,- ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკა 1749118408

ბოკერიას პარტია
გიგა ბოკერია - შავრაზმული სიძულვილის წარჩინებულ მქადაგებელს ჩემთან დისკუსია თუ სურდა, თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი - რეჟიმი საკუთარ მომხრეებსაც დასცინის

წულუკიანს ჩემთან დებატი და დისკუსია თუ სურდა, ყველა ჯერზე თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ეხმაურება თეა წულუკიანის მიერ საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილს, თეა თუთბერიძეს, გიორგი კანდელაკს, ჩიორა თაქთაქიშვილს თუ აქვთ სურვილი „კომისიაზე მობრძანდნენ, კარი ღიაა, ნუ დაელოდებიან მოწვევას“.გიგა ბოკერიას თქმით, "პოლიტიკურ მასკარადში" მონაწილეობას არ მიიღებს."ქალბატონი წულუკიანისგან სიძულვილის, ცილისწამების და პუტინისტური პროპაგანდის მორიგი ბოდვა მოვისმინეთ: მთავაზობს, რომ ჩემი ინიციატივით გამოვცხადდე ე.წ. კომისიაზე.რეჟიმის შავრაზმული სიძულვილის წარჩინებულ მქადაგებელს ჩემთან დებატი და დისკუსია თუ სურდა, ყველა ჯერზე ინტერაქტიული დებატებისთვის თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი.რაც შეეხება ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მასკარადს კომისიის სახით, ჩემი პოზიცია იგივე რჩება: ამ პარლამენტის პოლიტიკურ ლეგიტიმურობას არ ვცნობ, ამ კომისიის და ამ პროპაგანდის ამოცანად მიმდინარე კრიზისის წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებად გარდაქმნის მცდელობად მივიჩნევ, რასაც არ ვაპირებ ხელი შევუწყო.პოლიტიკური ამოცანებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება და პოლიტიკური დევნა, რაც მათ შორის ამ კომისიის გამოყენებით მიმდინარეობს და რის შედეგადაც დამატებით რამდენიმე პოლიტპატიმარი გვყავს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა.ამავე დროს, ის, რის გამოც გრძელდება პროტესტი საქართველოში, უკავშირდება კიდევ უფრო დიდ რამეს, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა. ის შეეხება ჩვენს საერთო მომავალს, ჩვენ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რომელსაც გარე მტერთან, რუსეთთან ერთად საფრთხეს ივანიშვილის რეჟიმი უქმნის.და სულ ბოლოს - განვმეორდები: ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ მომხრეებსაც დასცინის, როცა არ მიბარებს მე და იბარებს და იჭერს რეჟიმის იმ ოპონენტებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონია წინა ხელისუფლებასთან", - აცხადებს გიგა ბოკერია.

პოლიტიკა 1749062794

აშშ
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან კარგი საუბარი მქონდა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს - მან თქვა, რომ მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმებზე პასუხის გაცემა

სატელეფონო საუბრისას პუტინმა მითხრა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმებზე პასუხის გაცემა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის პლატფორმა Truth Social-ზე წერს.ტრამპის შეფასებით, პუტინთან საუბარი კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც „დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს“.“ახლა დავასრულე ტელეფონით საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ზარი დაახლოებით ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის თვითმფრინავებზე თავდასხმა, და ასევე სხვა განსხვავებული თავდასხმები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ორივე მხარის მიერ. ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ ისეთი საუბარი არა, რომელიც დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, და ძალიან მტკიცედ, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმებზე პასუხის გაცემა.ასევე, განვიხილეთ ირანი, და ფაქტი, რომ დრო ეწურება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილებას, რომელიც სწრაფად უნდა იქნას მიღებული! პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს, და ამაზე, მჯერა, ვთანხმდებით. პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს ირანთან საუბრებში და მას შეუძლია, სავარაუდოდ, დახმარება ამის სწრაფად მოგვარებაში. ჩემი მოსაზრებაა, რომ ირანი აყოვნებს თავის გადაწყვეტილებას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, უმოკლეს დროში დაგვჭირდება საბოლოო პასუხი!”, - წერს ტრამპი.

მსოფლიო 1749062763